Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ სევასტოპოლზე "საზღვაო დრონებით" შეტევა იყო


ანექსირებულ სევასტოპოლზე დრონებით და რაკეტებით შეტევა 2023 წლის შემოდგომიდან გახშირდა
ანექსირებულ სევასტოპოლზე დრონებით და რაკეტებით შეტევა 2023 წლის შემოდგომიდან გახშირდა

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში. პირველი ცნობები ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 2 უეკიპაჟო კატერი(საზღვაო დრონი). სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოპერაციის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

2014 წლიდან ანექსირებულ სევასტოპოლსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე დრონებით და რაკეტებით შეტევა 2023 წლის შემოდგომიდან გახშირდა. სექტემბერში სარაკეტო დარტყმა იყო სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზეც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 ოქტომბერსაც განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიის თავზე და ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაანადგურეს უკრაინის 36 უპილოტო საფრენი აპარატი. იმავე დღეს, რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ ძლიერი ხანძარი იყო კრასნოდარის მხარის დაბა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ხანძარი ნახევარ საათში ჩააქრეს და არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაკონკრეტებული არ ყოფილა.

29 ოქტომბერს ღამით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ და BBC-მ უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერეს, რომ აფიპსკის ქარხანას, რომელიც რუს სამხედროებს საწვავით ამარაგებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 2 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. წყაროს თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ქარხნის რამდენიმე ახალი დანადგარი და დაიწვა რამდენიმე რეზერვუარი.

XS
SM
MD
LG