Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰაჩყალის აეროპორტი დაიკავა ანტისემიტური აქციის ათასამდე მონაწილემ


მაჰაჩყალის აეროპორტი დაიკავეს ანტისემიტური აქციის მონაწილეებმა
მაჰაჩყალის აეროპორტი დაიკავეს ანტისემიტური აქციის მონაწილეებმა

რუსეთში დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტი ანტისემიტური აქციის ათასამდე მონაწილემ დაიკავა მანამ, სანამ იქ თელ-ავივიდან თვითმფრინავი ჩამოფრინდებოდა - იუწყება kavkazr.com-ი. აქციის მონაწილეები ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდიან და მოითხოვენ რეგიონიდან ებრაელთა გაძევებას.

აეროპორტი რეისების ვეღარ იღებს, მაჰაჩყალისკენ მიმავალ თვითმფრინავებს სხვა ქალაქებისკენ გზავნიან.

ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი მაჰაჩყალის აეროპორტში დაფრინდა ადგილობრივი დროით 7:17 საათზე. ადგილზე მივიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, იუწყებიან, რომ ქალაქში გაძლიერებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების დაცვა.

გავრცელებული ცნობებით, აქციის მონაწილეები ცდილობენ, დოკუმენტები შეუმოწმონ პირებს, რომლებიც აეროპორტს ტოვებენ, რათა დაადგინონ, არიან თუ არა ისინი ისრაელელები. იუწყებიან, რომ ებრაელთა ძებნის პროცესში ბრბომ "ომონის" ავტომანქანაც კი გაჩხრიკა.

ადგილიდან გავრცელებული ვიდეოჩანაწერებით და ფოტოებით ჩანს, რომ ხელისუფლება ვითარებას ვერ აკონტროლებს. აეროპორტში მიდის სპეცდანიშნულების რაზმის მანქანები.

საღამოს 9 საათზე აქციის მონაწილეებმა შეაღწიეს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე და შეეცადნენ ჩამოფრენილ თვითმფრინავში შეჭრას.

ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ისმის სროლის ხმა - სავარაუდოდ, "ომონის" წევრები ჰაერში ისვრიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ ანტისემიტური შინაარსის ლოზუნგებს.

შაბათ-კვირას ანტისემიტური აქციები გაიმართა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქალაქებშიც. ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში 28 ოქტომბერს აქციაზე მოითხოვდნენ, რესპუბლიკაში არ შეუშვან ისრაელის მოქალაქეები. 29 ოქტომბრის ღამეს დაღესტანში, ქალაქ დერბენტში, გააპროტესტეს ისრაელიდან ლტოლვილების სასტუმროებში განთავსების არარსებული გეგმა. ყაბარდო-ბალყარეთში, ნალჩიკში, საბურავებს წაუკიდეს ცეცხლი ებრაული კულტურის ცენტრის მშენებარე ობიექტზე. კედელზე დაწერეს ანტისემიტური შინაარსის წარწერები.

დაღესტნის ლიდერმა ანტისემიტური განწყობების გაღვივებაში ბრალი დასდო "რუსეთის მტრებს".

XS
SM
MD
LG