Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში რაკეტა აფეთქდა


საილუსტრაციო ფოტო. ეგვიპტე-ისრაელის საზღვარი ქალაქ ტაბასთან
საილუსტრაციო ფოტო. ეგვიპტე-ისრაელის საზღვარი ქალაქ ტაბასთან

დღეს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში, რომელიც ისრაელის ქალაქ ეილათს ესაზღვრება. სააგენტო Reuters-ი ეგვიპტის მედიასაშუალებების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან რაკეტა ჩამოვარდა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი.

ეგვიპტის ტელეკომპანია Al Qahera-ს ინფორმაციით, რაკეტის აფეთქება უკავშირდება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბრიდან მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი მხარის მიერ ნასროლი რაკეტა აღმოჩნდა ეგვიპტის ტერიტორიაზე. ისრაელის არმიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია.

წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ტაბა ღაზის სექტორიდან დაახლოებით 220 კილომეტრითაა დაშორებული. 25 ოქტომბერს „ჰამასმა“ სარაკეტო იერიში მიიტანა ტაბასთან მოსაზღვრე ისრაელის ქალაქ ეილათზე.

ეგვიპტე აქტიურ როლს ასრულებს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში და „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების საკითხში.

XS
SM
MD
LG