Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე უჩივის 14 ადვოკატს, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს


მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ უჩივლა პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების 14 ადვოკატს, რომლებმაც ის გააკრიტიკეს და სასამართლო სხდომა დატოვეს.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ უჩივლა პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების 14 ადვოკატს, რომლებმაც ის გააკრიტიკეს და სასამართლო სხდომა დატოვეს.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ "ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიაში უჩივლა პროევროპულ დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული დემონსტრანტების 14 ადვოკატს, რომლებმაც 11 იანვარს სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლის ეს ნაბიჯი უკანონოა და არის ადვოკატების დაშინების მცდელობა.

რა მოხდა 11 იანვარს

2025 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ დემონსტრაციებზე დაკავებული რვა ადამიანის სასამართლო სხდომა ჩატარდა, - პროტესტის ფონზე.

  • მათგან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, - გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
  • დანარჩენ ხუთს, - მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

თუმცა მანამდე, განხილვის მიმდინარეობისას, ვითარება დაძაბული იყო.

სხდომა მცირე ზომის დარბაზში ტარდებოდა, ბრალდებულები, ადვოკატები და დამსწრეები კი ბევრნი იყვნენ, რის გამოც სუნთქვა ჭირდა.

ირაკლი მიმინოშვილი (ფოტოზე - შუაში) თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ცუდად გახდა. 2025 წლის 11 იანვარი
ირაკლი მიმინოშვილი (ფოტოზე - შუაში) თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ცუდად გახდა. 2025 წლის 11 იანვარი

„დარბაზი არ შეცვალა“

ერთ-ერთი დაკავებული, ირაკლი მიმინოშვილი, შეუძლოდ გახდა.

სასამართლოში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ბრალდებულები და მათი ადვოკატები ორი საათის განმავლობაში ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, რადგან, მათი თქმით, მცირე დარბაზში, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო შეუძლებელი იყო მუშაობა.

„ამის შემდეგ ბრალდებულებმა და ჩვენ, ადვოკატებმა, მოსამართლეს ვთხოვეთ, რომ სხვა დარბაზში გადაეტანა, რაც არ დააკმაყოფილა მოსამართლემ. ბრალდებულებს ფიზიკურად არ შეეძლოთ ყოფნა და პატივის და ღირსების შემლახავ სხდომაზე მონაწილეობა და ადვოკატებმაც გავიზიარეთ ეს პოზიცია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ადვოკატი, რევაზ აჭარაძე. ის ვასილ კაძელაშვილის ინტერესებს იცავს.

კიდევ ერთი ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ირაკლი მიმინოშვილს ჯანმრთელობის ცნობაში ჩაუწერეს, რომ ის, სავარაუდოდ, უჰაერობის და ნერვიულობის გამო გახდა შეუძლოდ, თუმცა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მაინც არ მიიღო დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მოგვიანებით მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პროცესზე სასწრაფო დახმარების სამედიცინო დასკვნა წაიკითხა და თქვა: „ბრალდებული უჩივის შემცივნებას, კანკალს, თავის ტკივილს და უკავშირებს სტრესულ ფონს...სად წერია აქ, რომ უჟანგბადობის გამო გახდა ცუდად?“

„უბრალოდ, ვერ ისხდნენ ბრალდებულები. ადვოკატებისთვისაც შეუძლებელი იყო მუშაობა. სამი ადვოკატი ვისხედით ერთ ადამიანზე გათვლილ პატარა მაგიდასთან. შემდეგ, მოთხოვნის შემდეგ, დიდი მაგიდა ჩამოგვიტანა და ვითომ მაგით დაგვამშვიდა. მაგრამ საერთო ჯამში, სრული იგნორი იყო. ბრალდებულები იხვეწებოდნენ, არ შეგვიძლია ასეო. ვერ ისხდნენ, ერთს თავი ჰქონდა გამოყოფილი კაბინიდან, რომ ესუნთქა. მეც არ შემიძლია უჰაერობა და მართლა ვეღარ ვჩერდებოდი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ლომინაძე.

საბოლოოდ, ბრალდებულებმა თქვეს, რომ დარბაზში ვერ გაჩერდებოდნენ, რის შემდეგ ადვოკატებმაც მოილაპარაკეს, რომ სხდომას დატოვებდნენ:

„მოსამართლეს ეუბნება ერთ-ერთი ადვოკატი, მაშინ ჩვენც დავტოვებთ დარბაზსო. ადგა ყველა ფეხზე, გავიხედე, რომ პოზიცია დავაფიქსირო და ამასობაში... სად არის მოსამართლე? ჩემზე ადრე დატოვა დარბაზი“, - ამბობს ის.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ბრალდებულებთან - ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, გიორგი გორგაძესთან, ირაკლი მიმინოშვილთან - ერთად. 2024 წლის 7 დეკემბრის ფოტო
ფოტოზე: ადვოკატი შოთა თუთბერიძე ბრალდებულებთან - ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, გიორგი გორგაძესთან, ირაკლი მიმინოშვილთან - ერთად. 2024 წლის 7 დეკემბერი

რევაზ აჭარაძეც ამავეს ამბობს: „ერთ-ერთი ადვოკატი პოზიციას აფიქსირებდა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა დაიწყეს დარბაზიდან გასვლა. ამ დროს მე ველაპარაკებოდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და რომ გამოვტრიალდი, მოსამართლე აღარ დამხვდა. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ გასული იყო და არც კი დაგვცალდა რაიმე პოზიციის იქვე დაფიქსირება. სხდომა კი ისე გაგრძელდა, რომ არავის არ უთქვამს და არ შეგვხმიანებია“.

„მოსამართლის თანაშემწესაც მივწერე, რომ ველოდები სხდომის დაწყებას და მაცნობეთ-მეთქი... გარკვეული პერიოდი ველოდებოდით, თუმცა არავინ შეგვხმიანებია. შემდეგ გავიგეთ, რომ სასამართლოდან წაიყვანეს ბრალდებულები. გარკვეული დროის შემდეგ წამოვედით. მოგვიანებით ვიგებთ, რომ სხდომა ჩატარებულა სახაზინო ადვოკატებთან ერთად“, - ამბობს ნინო ლომინაძე.

საჩივარი ეთიკის კომისიაში

ადვოკატებმა, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, 21 იანვარს მიიღეს ცნობა, რომ მოსამართლე მათ ეთიკის კომისიაში უჩივის.

„მივიღეთ განჩინება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძისგან, თითქოს უნებართვოდ დავტოვეთ სასამართლოს სხდომის დარბაზი და ამით წესრიგი დავარღვიეთ“, - ამბობს ადვოკატი ლომინაძე.

„ოქმებს რომ მოვუსმინეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ირაკლი ხუსკივაძემ რომ დატოვა დარბაზი, მას არ გამოუცხადებია არც ის, რამდენი ხნით აცხადებდა ტექნიკურ შესვენებას, 15 წუთში ჩაუტარებია სხდომა ჩვენს გარეშე ისე, რომ ჩვენ, მხარეს, ეს არ გვაცნობა. ტექნიკურად შექმნა ილუზია იმისა, თითქოს ადვოკატები არ ცხადდებოდნენ. ამის შემდეგ პროკურატურამ პროცესუალურად დაუნიშნა სახაზინო ადვოკატები მხოლოდ სავალდებულო დაცვის მქონე პირებს [21 წლამდე მიუღწეველ პირებს]. რამდენიმე ბრალდებული იყო დაცვის გარეშე. შესაბამისად, მოსამართლემ მოახდინა კანონის უგულებელყოფა“, - ეუბნება ნინო ლომინაძე რადიო თავისუფლებას.

იმ 14 ადვოკატს შორის, რომლებსაც მოსამართლე ხუსკივაძემ უჩივლა, არიან:

  • ნინო ლომინაძე - თორნიკე გოშაძის ადვოკატი;
  • შოთა თუთბერიძე - ირაკლი მიმინოშვილის და გიორგი გორგაძის ადვოკატი;
  • დავით ჭიკაიძე - ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი;
  • კახა კოჟორიძე და არჩილ ჭავჭანიძე - ვეფხია კასრაძის ადვოკატები;
  • რევაზ აჭარაძე - ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი;
  • ორხან ალიევი - ინსაფ ალიევის ადვოკატი;
  • გუჯა ავსაჯანიშვილი - ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი.

„ეს ადვოკატებისთვის ბრძოლის გამოცხადების ტოლფასია. თავადაც იცის, რომ არანაირი გადაცდომა არ გვქონია. პირიქით, თავად დატოვა ჩვენამდე დარბაზი და შემდეგ კანონის დარღვევით წარმართა სხდომა“, - ამბობს ნინო ლომინაძე.

„არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია ჩვენი მხრიდან. ჩემი აზრით, ეს [ჩივილი] არც კანონთან შესაბამისია და არც მოსამართლის მხრიდან არის სწორი ნაბიჯი. ერთადერთ მიზანი ალბათ ის არის, რომ შემდეგ სხდომაზე ადვოკატთა მორჩილი კორპუსი მიიღოს“, - ამბობს რევაზ აჭარაძე.

ზუსტი რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც დემონსტრაციებთან დაკავშირებით დააკავეს სისხლის სამართლის წესით, ამ დრომდე უცნობია, თუმცა რადიო თავისუფლებამ 28 ნოემბრიდან დღემდე 45-ის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია.

საქმეებს შორისაა ბრალდებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობაში მონაწილეობაზე, პოლიციელებზე თავდასხმაზე, სხვისი ნივთის დაზიანებასა და ნარკოდანაშაულზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG