ანაკლიიდან 4 კილომეტრში სამი კვირის წინ დაწყებული მასშტაბური სამუშაოების შესახებ იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI). მისი ინფორმაციით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან. ის გალის რაიონის დაბალ ზონაში მდებარეობს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ადგილობრივი საკონტაქტო პირების მიერ მიწოდებულ ცნობებს აქვეყნებს:
- "რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია;
- სამხედრო ბაზის მშენებლობა დაწყებულია;
- რუსები, მიმდინარე პერიოდში, აქტიურად ატარებენ წვრთნებს, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონების შეტევის იმიტაცია ოჩამჩირის სამხედრო პორტზე;
- ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული."
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოთხ კილომეტრში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასაკმარისი და შესაბამისად, არაეფექტიანია.
ოქტომბრის დასაწყისში რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაიხსნება, "რუსეთსა და აფხაზეთს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია". ასლან ბჟანიამ 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".