Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ცნობით, „ჰეზბოლას“ ლიდერი „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ხელმძღვანელებს შეხვდა


ფოტო არქივიდან. „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა
ფოტო არქივიდან. „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა

ლიბანში მოქმედი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ბეირუთში შეხვდა პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფებების, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ხელმძღვანელებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს „ჰეზბოლასთან“ კავშირის მქონე ტელეარხ Al-Manar-ზე დაყრდნობით.

არხის ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც „ჰამასის“ ხელმძღვანელის მოადგილე სალეჰ ალ-აური და „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ზიად ალ-ნახალა მონაწილეობდნენ, განხილული იყო ღაზის სექტორში გამარჯვების მიღწევის გზები.

ამავე წყაროს თანახმად, შეფასდა საერთაშორისო დონეზე დაკავებული პოზიციები და ის, რაც „წინააღმდეგობის ღერძმა“ უნდა გააკეთოს. ამ ღერძში მოიაზრება ირანის, სირიის, „ჰეზბოლას“ და პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებების ალიანსი.

ისრაელმა, რომელიც „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის გარდა, პერიოდულად ბომბავს ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებს, ეს რადიკალური ორგანიზაცია არაერთხელ გააფრთხილა, რომ საომარ მოქმედებებში ფართომასშტაბიანი ჩართვის შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს მიიღებს.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 5000-ზე მეტი ადამიანი.
  • გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
  • 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.
XS
SM
MD
LG