Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი ჰერცოგს: “ტერორიზმთან ამ ომში თქვენ მარტო არ ხართ“


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. იერუსალიმი. 24 ოქტომბერი, 2023 წელი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. იერუსალიმი. 24 ოქტომბერი, 2023 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც 24 ოქტომბერს სოლიდარობის ვიზიტად ჩავიდა ისრაელში, ამ ქვეყანას პირობა მისცა, რომ მარტო არ დარჩება ისლამისტ შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში, მაგრამ ასევე გააფრთხილა მასპინძლები, რომ არსებობს რეგიონული კონფლიქტის საფრთხე.

მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს, უთხრა, რომ საფრანგეთი ისრაელთან „მხარდამხარაა“ და რომ პირველი ამოცანა უნდა იყოს ღაზაში მძევლების განთავისუფლება.

„მსურს დაგარწმუნოთ, ტერორიზმთან ამ ომში თქვენ მარტო არ ხართ“, - თქვა მაკრონმა.

მაკრონი კიდევ ერთი დასავლელი პოლიტიკოსია, რომელიც ისრაელში ჩავიდა „ჰამასთან“ ომის დაწყების შემდეგ, რასაც ისრაელის მხარეს 1400 ადამიანი ემსხვერპლა.

საფრანგეთის პრეზიდენტამდე ისრაელში იმყოფებოდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი.

• ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე ინტენსიური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს, ათეულობით მძევლად აიყვანეს.

• კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 5000-ზე მეტი ადამიანი.

• „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

• გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

• 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.

XS
SM
MD
LG