Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰამასის“ ყოფილი მძევლები თელ-ავივის კლინიკაში იმყოფებიან


„ჰამასის“ მძევლობიდან გათავისუფლებული იოხევედ ლივშიცი შვილიშვილებთან ერთად თელ-ავივის კლინიკაში
„ჰამასის“ მძევლობიდან გათავისუფლებული იოხევედ ლივშიცი შვილიშვილებთან ერთად თელ-ავივის კლინიკაში

„ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევლები, ისრაელის მოქალაქეები ნურიტ კუპერი და იოხევედ ლივშიცი თელ-ავივში, იხილოვის ჰოსპიტალში იმყოფებიან. კლინიკის ინფორმაციით, ორივე ქალი მთელი ღამის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და დღეს კომპლექსური სამედიცინო შემოწმება გაგრძელდება. 79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოხევედ ლივშიცი ჰოსპიტალში შეხვდნენ ოჯახის წევრებს.

პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ 23 ოქტომბერს ღამით განაცხადა, რომ გაათავისუფლა 2 მძევალი და ისინი ეგვიპტის საზღვრისკენ წაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების პროცესში ეგვიპტის გარდა, კატარიც მონაწილეობდა.

მოგვიანებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ გათავისუფლებული არიან ისრაელის მოქალაქეები, ნურიტ კუპერი და იოხევედ ლივშიცი. ისინი 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმისას გაიტაცეს კიბუც ნირ-ოზიდან. მათი გათავისუფლებისთვის ისრაელმა მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს და „წითელ ჯვარს“. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, „ჰამასის“ მძევლობაში რჩებიან გათავისუფლებული ქალების ქმრები, 85 წლის ამირამ კუპერი და 83 წლის ოდედ ლივშიცი.

20 ოქტომბერს „ჰამასმა“ გაათავისუფლა პირველი ორი მძევალი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები ჯუდიტ(იუდიტ) რაანანი და მისი 17 წლის ქალიშვილი ნატალი რაანანი.

ისრაელის არმიის მიერ 23 ოქტომბერს განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან „ჰამასის“ მძევლობაშია 222 ადამიანი, მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეები. გასული კვირის ბოლოსთვის დადასტურებული იყო 212 ადამიანის მძევლობა. ისრაელის არმიის პრესმდივნის, დანიელ ჰაგარის განმარტებით, მონაცემები იცვლება ისრაელის დაზვერვის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შესაბამისად.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 5000-ზე მეტი ადამიანი.
  • გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
  • 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.
XS
SM
MD
LG