Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 24 ოქტომბერს, თელ-ავივში ჩასვლისთანავე შეხვდა „ჰამასის“ თავდასხმისას მოკლული და მძევლად აყვანილი ადამიანების ოჯახის წევრებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 24 ოქტომბერს, თელ-ავივში ჩასვლისთანავე შეხვდა „ჰამასის“ თავდასხმისას მოკლული და მძევლად აყვანილი ადამიანების ოჯახის წევრებს

დღეს დილით ისრაელში ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს შეხვდება. სააგენტო AFP საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ ემანუელ მაკრონის ვიზიტის მიზანია ისრაელისთვის სოლიდარობის გამოცხადება და ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისკენ მოწოდება.

პრეზიდენტი მაკრონი ისრაელში ჩასვლისთანავე თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპული და მძევლად აყვანილი, საფრანგეთის და ისრაელის მოქალაქეების ოჯახის წევრებს.

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ ისრაელთან ერთად გლოვობენ. საფრანგეთის პრეზიდენტის თანახმად, 7 ოქტომბერს ისრაელში მოკლეს 30 ფრანგი, კიდევ 9 კი დაკარგულად ითვლება, ან მძევლობაშია.

საფრანგეთის პრეზიდენტამდე ისრაელში იმყოფებოდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 5000-ზე მეტი ადამიანი.
  • „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
  • 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.
XS
SM
MD
LG