Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს საქართველო აუცილებლად მიიღებს


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელი შეფასებებით, საქართველო 100%-იანი მიიღებს [ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის] სტატუსს“. ამის შესახებ კალაძემ განაცხადა მედიასთან, „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის ფეისბუკსტატუსის შეფასებისას.

კალაძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის“ დღის წესრიგის მიუხედავად, საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს ჩვენი ქვეყანა მიიღებს. ყველაფერი იქნა შესრულებული, ყველაფერი გაკეთებული, უბრალოდ არანაირი არგუმენტი არ რჩება, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. თუ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ნუ ამაზე გამოვალთ და საზოგადოებას ავუხსნით. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელი შეფასებებით, საქართველო 100%-იანი მიიღებს სტატუსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რას ფიქრობს თბილისის მერი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, კანდიდატის სტატუსი იქნება არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხის დამსახურება, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას 2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.

„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით დაწერა, რომ „არ გვეკუთვნის! თუ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ოცი ოცდაათი გარანტირებულია! რაც იქნება კატასტროფა!“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, თუ იქნება დამსახურებაზე დამოკიდებული, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 12 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად თელავში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ყოველგვარ არგუმენტაციას და რაციონალს იქნება მოკლებული“, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს.

სავარაუდოდ, 2023 წლის ნოემბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG