Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, თუ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა დამოკიდებული სტატუსი, "თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსი"


კახა კალაძე
კახა კალაძე

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ხელისუფლება "გასაკეთებელ საქმეებს მაინც გააკეთებს". ამის შესახებ მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომლებმაც კითხვა დაუსვეს პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

"საოცარ განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. ერთ-ერთი ადვოკატიც გამოვიდა და თქვა, რომ თუ სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, ევროკავშირში გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. საერთოდ, მაშინ რა საჭირო იყო 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად, მაშინ რა საჭიროა მისი შესრულება, თუ ეს კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დანაშაული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტატუსის მიღებას. თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ", - თქვა კახა კალაძემ ევროპარლამენტარების მიერ 13 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებებზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

სტრასბურგში ევროპელმა დეპუტატებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

მომხსენებელმა, ესტონელმა დეპუტატმა სვენ მიკსერმა თქვა, რომ ქვეყანამ ჩაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა. მათ შორის, დაუახლოვა ეროვნული კანონმდებლობა ევროპულს. მისი შეფასებით, აქ საქართველო კვლავაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია.

თუმცა, მიკსერის თქმით, საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის ზოგი ღირებულების ერთგულია, მისი პოლიტიკოსები კი ჯერაც “აყენებენ პერსონალურ კონფლიქტებს სტრატეგიულ ეროვნულ ამოცანებზე მაღლა".

მიკსერმა ასევე სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება და ამიტომ მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.

XS
SM
MD
LG