რამდენიმე წუთის წინ, სტრასბურგში ევროპელმა დეპუტატებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
მომხსენებელმა, ესტონელმა დეპუტატმა სვენ მიკსერმა თქვა, რომ ქვეყანამ ჩაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა. მათ შორის, დაუახლოვა ეროვნული კანონმდებლობა ევროპულს. მისი შეფასებით, აქ საქართველო კვლავაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია.
თუმცა, მიკსერის თქმით, საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის ზოგი ღირებულების ერთგულია, მისი პოლიტიკოსები კი ჯერაც “აყენებენ პერსონალურ კონფლიქტებს სტრატეგიულ ეროვნულ ამოცანებზე მაღლა".
“ეს ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისთვის, არამედ მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის”, - თქვა მან.
მიკსერმა ასევე სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება და ამიტომ მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.
“კარგად მესმის, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრეობა დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამიტომ… [მის] გათავისუფლებას ვუყურებთ, როგორც წმინდა წყლის ჰუმანიტარულ საკითხს და ჩვენი მოწოდება არ არის მისი საქმის სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეფასება.”
სააკაშვილის განთავისუფლების თხოვნა, არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული მოტივებით, არაერთმა დეპუტატმა გააჟღერა. მათ შორის - ვიოლა ფონ კრამონმა, იუზას ოლეკასმა, დევიდ მაკკალისტერმა და იოაჰიმ სტანისლავ ბრუჩინსკიმ, რომელმაც დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს “პუტინის სტანდარტებით ექცევა და არა ევროპული ღირებულებების მიხედვით”.
მოხსენების დასასრულს, სვენ მიკსერმა თქვა, რომ შეშფოთებულია “ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის” ბრალდებით, თითქოსდა ევროკავშირი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში.
“საქართველოს არასოდეს მოუწევს, აირჩიოს ევროპასა და მშვიდობას შორის. ევროპის არჩევა სწორედაც რომ მშვიდობის არჩევას ნიშნავს”, - დასძინა მან.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ევროპელი დეპუტატები რეზოლუციის ტექსტზე მუშაობენ. მასში წერია, რომ საქართველოში მართლმსაჯულება კვლავ პოლიტიკურადაა მოტივირებული, როგორც მედიის, ისევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ნახსენებია დემოკრატიის უკუსვლა და ევროკომისიის 12 პირობა, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
სვენ მიკსერის ანგარიშის მიხედვით მომზადებულ რეზოლუციას ევროპის პარლამენტი კენჭს 14 დეკემბერს უყრის.