Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სკოლა აგვიშენეთ, სწავლა გვწყურია" - თბილისში, მე-11 საჯარო სკოლასთან აქცია გაიმართა


თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მშობლებმა და ბავშვებმა აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს - ისინი მე-11 სკოლის გაჭიანურებულ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილე მშობლები მედიასთან ამბობენ, რომ მათი შვილები უკვე მესამე წელია, სხვა სკოლის შენობებში არიან შესახლებული, სადაც დღის მეორე ნახევარში სწავლობენ და უფრო მოკლე გაკვეთილები უტარდებათ, მათი ტრანსპორტირებისთვის კი მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსები გამოიყენება. ისინი უკმაყოფილო არიან სამინისტროს კომუნიკაციითაც - აქციაზე სახელმწიფოს არცერთი წარმომადგენელი არ მისულა მშობლებთან დასალაპარაკებლად.

"სამი წელია, ბავშვები დაგვყავს თემქაზე და გვინდა, რომ სკოლა აგვიშენონ. გვატყუებენ ყოველ წელს, რომ შენდება, შენდება, მაგრამ არავინ არ ჩანს - არც აშენების პირი უჩანს და არც არაფერი და ამიტომ გამოვხატეთ პროტესტი", - უთხრა მედიას ერთ-ერთმა მშობელმა.

მე-11 სკოლის ათასამდე მოსწავლე ორ სკოლაში, 142-ე და 152-ე საჯარო სკოლებში არიან განაწილებული. მათ აქ სწავლა დღის მეორე ნახევარში ეწყებათ და გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირებულია - 45 წუთის ნაცვლად 30 წუთს გრძელდება.

"დროულად ააშენონ სკოლა. ჩემი შვილი არის მესამე კლასში და ერთი დღე არ უვლია ამ სკოლაში. ყოველდღე მგზავრობს ბავშვი დანგრეული, ჯართში ჩასაბარებელი მარშუტკით", - ეს აქციის მონაწილე კიდევ ერთი მშობელია. იმ სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებას, ვინც სასწავლო დაწესებულებების რემონტის ან რეაბილიტაციის გამო სხვა სკოლების შენობაში დადიან, მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.

"არ გვინდოდა ამ ფორმით გამოგვეხატა პროტესტი, ქონდათ ინფორმაცია, მაგრამ არ მოვიდა არც დირექცია, არც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, არც მერიის წარმომადგენელი. გვაიძულეს, რომ ამ ფორმით გამოგვეხატა პროტესტი, არ გვიგდებენ ყურს. არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება მშენებლობა. მაგალითად გვაქვს მეათე სკოლის შენობა, შემოღობეს და გაჩერდნენ. წლებია ასეა", - გვითხრა აქციის მონაწილე სხვა მშობელმა.

აქციაზე, რომელშიც ათობით ბავშვი და მშობელი მონაწილეობდა, მივიდა სამშენებლო კომპანია "ინსის" წარმომადგენელი. ესაა კომპანია, რომელსაც სახელმწიფომ ხელშეკრულება მე-11 სკოლის და კიდევ სამი სხვა სკოლის პროექტირება-მშენებლობისთვის 2023 წლის მარტში გაუფორმა.

"მარტის ბოლოს გამოცხადდა ტენდერი, ტენდერის მოთხოვნა იყო ამ ტერიტორიაზე დაპროექტებულიყო და აშენებულიყო საშუალო სკოლა 650 ბავშვისთვის. ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში. მარტიდან მოყოლებული მიმდინარეობს პროექტირება. ჩვენ სამი ეტაპი გვქონდა პროექტირების, სამივე ეტაპი ჩაბარებული გვაქვს პირნათლად ჩვენს ვადებში. ახლა შეტანილია პროექტი "ესიდაში" [საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო] უკვე განსახილველად. გამოვა თუ არა "ესიდადან", შევა მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღების შემდეგ, ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის დაიწყება ამ სკოლის მშენებლობა. 2025 წლის ივლისის ბოლოს სკოლა უნდა ჩაბარდეს, ტენდერის პირობები ასეთია", - უთხრა რადიო თავისუფლებას სამშენებლო კომპანია "ინსის" მთავარმა ინჟინერმა ირაკლი ხმალაძემ.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ელაპარაკება აქციის მონაწილეებს
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ელაპარაკება აქციის მონაწილეებს

თბილისის მე-11 საჯარო სკოლას, სადაც ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს, სახელმწიფომ 2013-15 წლებში რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარა. მაშინ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ამტკიცებდა, რომ ავარიული შენობა სრულად განახლდა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც კი ადაპტირებულია. ამ რეაბილიტაციიდან რამდენიმე წელში, სახელმწიფომ შენობის დანგრევის და მისი ხელახლა აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მე-11 სკოლის და კიდევ სხვა სამი სკოლის შენობა ამჯერად სახელმწიფო ბიუჯეტს თითქმის 40 მილიონი ლარი უჯდება.

მე-11 სკოლა არ არის ერთადერთი, რომლის მოსწავლეებიც წლებია სხვა სკოლის შენობაში სწავლობენ იმის გამო, რომ მათი სკოლა რემონტდება ან ხელახლა შენდება - იგივე პრობლემა აქვს ათობით სკოლის ასობით მოსწავლეს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

განათლების სამინისტრო არ გასცემს საჯარო ინფორმაციას იმ სკოლების შესახებ, რომლებშიც რემონტის და რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და არც იმას განმარტავს, რამდენ ბავშვს უწევს სხვა სკოლის შენობაში სწავლა მეორე ცვლაში და მოკლე გაკვეთილებით.

XS
SM
MD
LG