Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიამ კვლავ დაადანაშაულა ისრაელი აეროპორტებზე იერიშში


სირიის დროშა დამასკის აეროპორტში. საილუსტრაციო ფოტო
სირიის დროშა დამასკის აეროპორტში. საილუსტრაციო ფოტო

სირიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისრაელმა კვირა დილით ავიაიერიშები განახორციელა დამასკისა და ალეპოს აეროპორტებზე. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები მწყობრიდან გამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა. იერიშის გამო ყველა რეისის განხორციელება ლატაკიის აეროპორტს დაეკისრა.

ეს არის ისრაელის სავარაუდო მესამე დარტყმა სირიის აეროპორტებზე, რეგიონში სიტუაციის მკვეთრი გამწვავების შემდეგ, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელზე რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმასთან და ისრაელის საპასუხო ქმედებებთან არის დაკავშირებული.

ისრაელის სამხედროებმა არც დაადასტურეს და არც უარყვეს ეს დარტყმები. მანამდე ისრაელმა არაერთხელ შეუტია ჰაერიდან სირიაში ობიექტებს, რომლებსაც, ისრაელის მტკიცებით, პროირანული შეიარაღებული ჯგუფები ებრაულ სახელმწიფოზე თავდასხმების მოსამზადებლად იყენებენ.

კვირას ღამით ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორზე რამდენიმე იერიში განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ანგარიშში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად "ათობით ტერორისტი“, მათ შორის „ჰამასის“ სარაკეტო ძალების მეთაურის მოადგილე, დაიღუპა. ასევე, ისრაელის სამხედროებმა და პოლიციამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე რეიდები ჩაატარეს, რა დროსაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი 50-მდე პირი დააკავეს, მათ შორის „ჰამასის“ 27 წევრი. პალესტინის ავტონომიის ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე ხუთი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ქალაქ ჯენინში მეჩეთის კომპლექსზე საჰაერო დარტყმის შედეგად. ისრაელის სამხედროების თქმით, მეჩეთი „ჰამასისა“ და "ისლამური ჯიჰადის" მებრძოლების მიერ გამოიყენებოდა, როგორც ბაზა.

  • ისრაელმა ომი გამოუცხადა „ჰამასს“ მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ 7 ოქტომბერს შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე.
  • 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია ათასობით ადამიანი.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 4600-ზე მეტი ადამიანი.
  • გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
  • სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 19 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ღაზის სექტორში მძევლობაში უნდა იყოს დაახლოებით 200 ადამიანი. მათ შორის - 30 თინეიჯერი და ბავშვი.

XS
SM
MD
LG