Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება: კრემლი ნორვეგიაში ჯაშუშების გადაბირებას გეოგრაფიული საზოგადოების სარჩულით ახდენს


ვლადიმირ პუტინი რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების შეხვედრაზე
ვლადიმირ პუტინი რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების შეხვედრაზე

რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების თანამშრომლების საფარქვეშ ცდილობენ ნორვეგიის მაცხოვრებლების გადაბირებას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების და „ნასტოიაშჩეე ვრემიას" პროექტ "სისტემის" მიერ ჩატარებულ გამოძიებაშია ნათქვამი.

ჟურნალისტებმა დაადგინეს იმ პირთა ვინაობა, ვინც ნორვეგიაში რეკრუტირებას ახორციელებს, მაგრამ მათი სახელები გამოძიებაში არ არის მითითებული, წყაროს უსაფრთხოების ინტერესის გათვალისწინებით. ეს არის რუსული წარმოშობის ოსლოს მკვიდრი, სახელად ივანი, რომელმაც ნორვეგიის მოქალაქეობა მიიღო. იგი ამ ზაფხულს დაუკავშირდა პროექტ „სისტემის“ ჟურნალისტებს და უამბო, თუ როგორ ცდილობდნენ გეოგრაფიული საზოგადოების თანამშრომლების საფარქვეშ მის გადაბირებას რუსეთის დაზვერვის სავარაუდო ოფიცრები.

"ჩვეულებრივ, ჟურნალისტები არ აქვეყნებენ ასეთ ინფორმაციას, უბრალოდ, წყაროს სიტყვაზე ენდობიან. ამიტომ, მან მოგვაწოდა გადამბირებელთა სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე ერთ-ერთ მათგანთან საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც მის მონაყოლს ადასტურებს", - ამბობს ანდრეი სოშნიკოვი, საგამოძიებო პროექტ "სისტემის" ხელმძღვანელი. საერთო ჯამში, საუბარია ორ გადამბირებელზე, რომელთაგან ერთ-ერთმა, სავარაუდოდ, FSB-ის ინსტიტუტი დაამთავრა.

ივანის თქმით, მას დიდი საფასურის ფასად დაავალეს "რეპორტაჟების" გადაღება, კერძოდ, ნორვეგიაში მცხოვრებ მუსულმანებსა და ლგბტ ადამიანებზე, ასევე ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზების შესახებ.

რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებას ხელმძღვანელობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ხოლო მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. "ნასტოიაშჩეე ვრემია“ აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია სანქციების ქვეშ არ იმყოფება და თავისუფლად ახორციელებს საქმიანობას საზღვარგარეთ.

ნორვეგიის პოლიცია, სავარაუდოდ, სწავლობს ამ ინფორმაციას. ნორვეგიაში ჯაშუშობისთვის მხილებულ პირს შესაძლოა, ხანგრძლივი პატიმრობა დაემუქროს.

XS
SM
MD
LG