ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია არასწორს უწოდებს ცნობებს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტის „დაკეტვაზე“.
„აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
„რა სიახლეც გვაქვს, არის ის რომ, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეწყვეტს პირდაპირ რეისების განხორციელებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას რეისები გადააქვს ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს“, - განაცხადა ელჩმა.
მაგრამ, მისივე თქმით, ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ალტერნატივები: „რეისებს ყოველდღიურად ახორციელებენ კომპანია „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკი“.
ელჩის თანახმად, ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 000-ზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა ისრაელიდან საქართველოში - ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებებით.
„სოციალურ ქსელსაც ვადევნებთ თვალს და თუ ვინმე ცხელ ხაზზე ვერ ახერხებს დაკავშირებას, სოციალური ქსელით ვიგებთ, რომ რამე სჭირდებათ“, - ამბობს იგი.
ელჩის თქმითვე, ისრაელში მდგომარეობა კვლავ ისეთი დაძაბულია, როგორც იყო 10 დღის წინ და ჩრდილოეთის მხარეს კიდევ უფრო იძაბება.