Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის სპეცსამსახურმა ტაქსის მძღოლს ბრალი წაუყენა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის


ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვებაში ბრალი წაუყენა ტაქსის მძღოლს. ამის შესახებ გამოცემა Delfi სპეცსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დააკავეს ორგანიზაცია "ბალტიისპირეთის ქვეყნების ანტიფაშისტების" სახელით რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. გამოძიებამ გამოავლინა მისი მხრიდან ჯაშუშობის 23 სავარაუდო შემთხვევა.

ტაქსის მძღოლმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, „ბალტიის ქვეყნების ანტიფაშისტებს" მიაწოდა ინფორმაცია ლატვიის ტერიტორიაზე არსებულ ლატვიისა და მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, ასევე ლატვიის იმ კომპანიებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას.

„დელფის“ თანახმად, ეჭვმიტანილს ჯაშუშობაში დაეხმარა ტაქსის მძღოლობა. ეს მას საშუალებას აძლევდა უსაფრთხოდ გადაადგილებულიყო აეროპორტის, პორტის და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მახლობლად.

ტაქსის მძღოლი 2023 წლის 15 აგვისტოს დააკავეს. მედიის თანახმად, მის სახლში იპოვეს საგნები და "სიმბოლოები, რომლებიც ადასტურებენ კრემლის იდეოლოგიის მიმდევრობას“, მაგალითად, რუსეთისა და სსრკ-ის დროშები.

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ბალტიისპირეთის ქვეყნების ანტიფაშისტების" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2022 წლის ნოემბერში აღძრა. სააგენტოს ცნობით, ასოციაცია მოქმედებდა ლატვიის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ, მათ შორის აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაცემის მიზნით.

  • აგვისტოში ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის „ეფესბეს" (ფედერალური უშიშროების სამსახურის) სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით ლატვიის ოთხი მოქალაქე დააკავა.
  • რუსულ სპეცსამსახურებზე მომუშავე პირებს აკავებენ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მათ შორის, "რუსეთის ჯაშუშური ქსელი" გამოააშკარავეს პოლონეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
XS
SM
MD
LG