ყაზახეთმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომის გამო მოქმედი საერთაშორისო სანქციების საფუძველზე აკრძალა რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი.
როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური წერს, ვაჭრობის და ინტეგრაციის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც მედიასაშუალებებით გავრცელებუ ცნობას „არაკორექტული“ უწოდა.
მედიით 19 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის წყარო იყო ყაზახეთის ვაჭრობის და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრი კაირატ ტორებაევი, რომელმაც ექსპორტისთვის აკრძალულ საქონელს შორის დაასახელა დრონები, მათი კომპონენტები და სხვა პროდუქცია, რომლიც შესაძლოა, სამხედრო დანიშნულებით იყოს გამოყენებული.
ყაზახეთის ვაჭრობის და ინტეგრაციის სამინისტროს განცხადებით, „ანტირუსული სანქციების“ გამო რუსეთში რაიმე საქონლის ექსპორტი არ აუკრძალავთ და ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების რეგულირება ხდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებასთან სრული შესაბამისობით.
რაც შეეხება ორმაგი დანიშნულების საქონელს, ყაზახეთის ვაჭრობის და ინტეგრაციის სამინისტროს თანახმად, საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლით ვაჭრობა ხდება ყაზახეთის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და ქვეყნის კანონმდებლობით. ამ ტიპის საქონელს ექსპორტ-იმპორტის ან ტრანზიტისთვის სჭირდება შესაბამისი ლიცენზიის მიღება.
ყაზახეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებითვე, საექსპორტო კონტროლს, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ხორციელდება, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.
გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფმა 2023 წლის მაისში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთს, საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით, დრონები და მიკროჩიპები მიეწოდებოდა ყაზახეთში დარეგისტრირებული, სულ მცირე ორი კომპანიის მეშვეობით.