Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ისრაელს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს ლიბანის მხრიდან


ისრაელის არმიის მიერ გასროლილი ჭურვი ფეთქდება ლიბანის სოფელ დჰაირის თავზე. 16 ოქტომბერი, 2023.
ისრაელის არმიის მიერ გასროლილი ჭურვი ფეთქდება ლიბანის სოფელ დჰაირის თავზე. 16 ოქტომბერი, 2023.

ჩრდილოეთ ისრაელს ხუთშაბათს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს ლიბანის მხრიდან. სულ გასროლილ იქნა 30-მდე რაკეტა. ისრაელის მედიის ცნობით, ქალაქ კირიათ-შმონაში, ლიბანის საზღვრის მახლობლად, რაკეტა მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს. იტყობინებიან, რომ ორი ადამიანი დაშავდა. ისრაელის სამხედროების ცნობით, ცეცხლს ცეცხლით უპასუხეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ ლიბანურმა ფილიალმა. 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმამ, რომელმაც ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, გამოიწვია კონფლიქტის ამჟამინდელი მკვეთრი ესკალაცია. „ჰამასი“ აკონტროლებს ღაზის სექტორს, საიდანაც რეგულარულად იბომბება ისრაელის ტერიტორია. ისრაელი, თავის მხრივ, დარტყმებს ახორციელებს სექტორზე. პალესტინის მხარის ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 4000-ს უახლოვდება.

ლიბანის სამხრეთს აკონტროლებს ისრაელის მოწინააღმდეგე კიდევ ერთი რადიკალური დაჯგუფება - „ჰეზბოლა“. ბოლო დღეებში ისიც რეგულარულად ბომბავს ისრაელს, მაგრამ არ გამოუცხადებია ომში ფართომასშტაბიანი მონაწილეობის შესახებ. ამავე დროს, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ მისი სულ მცირე 13 წევრი დაიღუპა ისრაელის დაბომბვისას. დანაკარგებია ისრაელის სამხედროებს შორისაც. ლიბანში ვითარების გაუარესების გამო დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეს ქვეყანა.

ასევე ხუთშაბათს შეტაკებები დაფიქსირდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში, ნურ-შამსში. ისრაელის სამხედროებს შეტაკება ჰქონდათ შეიარაღებულ პირებთან. ზოგიერთი ცნობით, ამ შემთხვევაშიც „ჰამასის“ მებრძოლებზეა საუბარი. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, დაიღუპა რვა პალესტინელი, თუმცა არ დაკონკრეტებულა, ისინი მებრძოლები იყვნენ თუ მშვიდობიანი მოქალაქეები.

ისრაელი ღაზაში აგრძელებს სამხედრო ოპერაციას „რკინის ხმლები“, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა დაპირებული სახმელეთო ოპერაცია რადიკალური ჯგუფების წინააღმდეგ. Reuters-ი იუწყება, რომ ისრაელი მზად არის სასტიკი ბრძოლებისთვის, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არა აქვს წარმოდგენილი, რა უყოს ღაზის სექტორს, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს 2007 წლიდან, ომის დასრულების შემდეგ.

XS
SM
MD
LG