პოლიტიკის ანალიტიკოსების ვარაუდით, პუტინი კმაყოფილია როგორც იმით, რომ შეუძლია ილაპარაკოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის „ჩავარდნაზე“, ასევე იმითაც, რომ მოწმე ან სულაც მონაწილეა ისრაელ-პალესტინის მორიგი კატასტროფული ესკალაციისა, რომლის ფართომასშტაბიან ომში გადაზრდამ შესაძლოა უკანა პლანზე გადაწიოს რუსეთ-უკრაინის ომი და შეამციროს კიევისათვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორის, პოლიტოლოგ ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფართომასშტაბიან და ხანგრძლივ ომში გადაზრდა, თავისთავად აქცევს კონკურენტებად ისრაელსა და უკრაინას, კონკურენტებად დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ის დახმარების მიღების თვალსაზრისით.
„ამერიკის რესურსები დიდია, მაგრამ ის უსაზღვრო არაა. ნეთანიაჰუ და ზელენსკი იქცევიან პირდაპირ კონკურენტებად ყურადღებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ახლა თითოეული ეს ქვეყანა მოითხოვს თავიანთ ტერიტორიებზე მიმდინარე ომებისთვის. ამერიკაში ებრაული ლობი აუცილებლად ჩაერთვება და იმუშავებს რესურსების გადანაწილების მიმართულებით, პლუს ასევე მოსალოდნელია ამერიკის დაზვერვის ფოკუსის, დიპლომატიური ძალისხმევის და ა.შ. კორექტირება. კრემლისთვის მომგებიანია მსოფლიო საზოგადოების ყურადღების გადატანა უკრაინაში მიმდინარე ომიდან, რადგან მოსკოვის მთავარი ამოცანა უკრაინისათვის საერთაშორისო სამხედრო ფინანსური დახმარების გათიშვაა“, - ამბობს პოლიტოლოგი.
რუსული პროპაგანდა არც მალავს, რომ ნებისმიერი კონფლიქტი მსოფლიოში ხელს აძლევს მოსკოვს, რაზეც ღიად ილაპარაკა კიდეც კრემლის ცნობილმა პროპაგანდისტმა ტიგრან კეოსაიანმა ტელეკომპანია „ენტევეს“ ეთერში.
ასევე შემთხვევით არ იყო, რომ ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან ომის კონტექსტში ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში განახლებულ საომარ მოქმედებებზე:
„უკრაინის კრიზისი გრძელდება და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ სიტუაციის მკვეთრ ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ნათელი მაგალითი შეერთებული შტატების პოლიტიკის ჩავარდნისა ახლო აღმოსავლეთში“.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ანალიტიკოსი ვიტალი პორტნიკოვი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ყურადღებით უნდა დააკვირდეს პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახლო აღმოსავლეთზე და სერიოზულად მოეკიდოს მას. პორტნიკოვის თქმით, მსოფლიო გადაეჩვია ბოროტების ღია, ვულგარულ დეკლარაციას და, როგორც წესი, არ იჯერებს პუტინის მუქარებს, მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი უბრალოდ აშინებს ოპონენტებს თავისი აგრესიული ზრახვებით, რათა მოლაპარაკებების წინ მომგებიანი პოზიცია მიიღოს.
„მაგრამ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მის აგრესიულ გამოსვლებს შეიძლება მოჰყვეს ანალოგიური ქმედებები, - ამბობს ანალიტიკოსი, - ამიტომ გირჩევთ, სერიოზულად მოეკიდოთ მას, მის სიტყვებს და საქმეებს. პუტინის ავი სიხარული იმის გამო, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, შეგვახსენებს: ამ კაცს არა მხოლოდ უხარია ომები და კრიზისები, არამედ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ის თვითონ იწვევს ომებსა და კრიზისებს. ის ფასი, რომელსაც უბრალო ხალხი იხდის მის ქედმაღლობასა და ავ სიხარულში, პუტინს საერთოდ არ აინტერესებს. მას აინტერესებს ომი“.
პოლიტოლოგ სტანისლავ ბელკოვსკის დაკვირვებითაც, პუტინი ვერ მალავს ისრაელ-ჰამასის სისხლისმღვრელი დაპირისპირებით გამოწვეულ კმაყოფილებას.
„ალბათ, გახსოვთ, ევგენი პრიგოჟინმა პუტინს უწოდა ბედნიერი ბაბუა. ახლა პროექტი „ბედნიერი ბაბუა“ რეალიზდება სრული მოცულობით. ამ დღეებში პუტინი ისეთი ბედნიერია, რომ ენა ვერ აღწერს“, - ამბობს ბელკოვსკი.
რამ გააბედნიერა პუტინი?
ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის დაპირისპირების ესკალაცია და გაფართოება მსოფლიოს ყურადღებას გადაატანინებს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან ახლო აღმოსავლეთისკენ. მეტიც, არაა გამორიცხული, რომ ახლო აღმოსავლეთში ომმა შეიძლება ასევე შეუცვალოს მიმართულება დასავლელი მოკავშირეების დახმარებასა და რესურსებს. რუსული პროპაგანდა აქტიურად ციტირებდა 9 ოქტომბერს რესპუბლიკელი სენატორის ჯოშ გაულის განცხადებას:
„ისრაელი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. უკრაინის ნებისმიერი დაფინანსება სასწრაფოდ უნდა გადავიტანოთ ისრაელში“.
თუმცა თეთრმა სახლმა მალე გააბათილა რესპუბლიკელი სენატორის განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის კომენტარით:
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ იმ აზრს, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ერთდროულად მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებისმოყვარე ხალხსა და ისრაელის სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს რესურსები, ინსტრუმენტები და შესაძლებლობები ამის ეფექტურად გასაკეთებლად”.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მალევე გამოაცხადა, რომ უკრაინისათვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გამოყოფს. მაგრამ რა იქნება, თუკი ისრაელში მიმდინარე დაპირისპირება ისეთივე გაჭიანურებულ კონფლიქტად გადაიქცევა, როგორიც უკრაინის ომია?
სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, გაიზრდება მოთხოვნილება:
- 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებზე, რომლებსაც მაღალი ტემპითა და დიდი რაოდენობით მოიხმარს უკრაინის არმია. ისრაელის არტილერიაც ძირითადად ამავე კალიბრის ქვემეხებისგან შედგება
- ამერიკულ გამანადგურებელ F-16-ზე, რომლებიც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი იარაღია. უკრაინაც სწორედ ამ ტიპის თვითმფრინავებს ელოდება დასავლელი პარტნიორებისგან
პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე,
ამერიკის თავდაცვის სამინისტრომაც მოუწოდა კონგრესს, გამოყოს დამატებითი დაფინანსება, რათა შეერთებულმა შტატებმა ერთდროულად უზრუნველყოს აუცილებელი სამხედრო დახმარებით ორივე ქვეყანა.
”ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საბრძოლო მასალის მიწოდებისა და ჩვენი პოტენციური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ერთდროულად დავეხმაროთ როგორც ისრაელელებს, ასევე უკრაინელებს. ამისთვის საჭიროა დამატებითი დაფინანსების გამოყოფა კონგრესიდან, რათა შევძლოთ წარმოების გაზრდა და საბრძოლო მასალის შესაძენი ხარჯების ანაზღაურება“, - განაცხადა აშშ-ის არმიის მდივანმა ქრისტინ ვორმუტმა.
სპეციალისტები იმასაც ამბობენ, დამატებითი დაფინანსება სწრაფად ვერ გამოიყოფა, ვინაიდან 3 ოქტომბერს სპიკერის კევინ მაკკარტის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კვლავ ბლოკირებულია, ხოლო შუალედურ ბიუჯეტში, რომელიც კონგრესმა ბოლო მომენტში დაამტკიცა, არაა გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის საჭირო თანხა, თუმცა Washington Post-ის თანახმად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაძლოა კონგრესს წარუდგინოს პროექტი, რომელიც ერთ პაკეტში გააერთიანებს უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას. ეს „ხრიკი“ სავარაუდოდ გაზრდის კიევის შანსებს, მიიღოს საჭირო მხარდაჭერა, რასაც ეწინააღმდეგებიან ულტრამემარჯვენე ტრამპისტი რესპუბლიკელები, რომლებიც იმავდროულად ემხრობიან ისრაელისთვის დახმარების გამოყოფას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვიზიარებთ შეერთებული შტატების და ყველა სხვა ქვეყნის მზადყოფნას დაეხმარონ ისრაელს ამ უბედურებაში“, - განაცხადა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში უკრაინის ელჩმა აშშ-ში ოქსანა მარკაროვამ, - მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის მოვლენები ხაზს უსვამს უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხების აუცილებლობას, რათა შეაჩეროს არა მხოლოდ რუსული აგრესია, არამედ სხვა აგრესორებიც. შეერთებული შტატების ქმედებები ბოლო დღეებში ადასტურებს, რომ ჩვენ ამ საკითხის ერთნაირი ხედვა გვაქვს”.
ამერიკელი ანალიტიკოსებიც ამბობენ, რომ აშშ-ის მთავრობა ვერ იმოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და ვერ იტყვის უარს უკრაინის დახმარებაზე. აშშ-ის ბრუკინგსის ინსტიტუტის დემოკრატიისა და უსაფრთხოების პროგრამის უფროსი დირექტორის, ჯონათან კაცის თქმით, უკრაინის დახმარების ხარჯებში ასევე შედის მილიარდები რუსეთთან ომში უკვე დახარჯული ამერიკული საბრძოლო მარაგების შესავსებად.
„ასე რომ, კიევისთვის დახმარების შესაძლო დაბლოკვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაზეც. გარდა ამისა, ეს ყველაფერი პირდაპირ ეხება შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ ოპონენტების დამოკიდებულებას, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს იმას, რაც ხდება კონგრესში და პუტინი, ჰამასი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა და ჩინეთი შესაბამის დასკვნებს აკეთებენ“, - განაცხადა ჯონათან კაცმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრში გამართულ ანალიტიკოსთა შეხვედრაზე.