Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე


ეგვიპტეში, რაფაჰის გამშვებ პუნქტთან თავმოყრილი სატვირთო ავტომანქანები ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთით
ეგვიპტეში, რაფაჰის გამშვებ პუნქტთან თავმოყრილი სატვირთო ავტომანქანები ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთით

ეგვიპტე მზად არის, უზრუნველყოს თავისი ტერიტორიიდან, რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით, ღაზის სექტორში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან უკვე რამდენიმე დღეა თავმოყრილია სატვირთო ავტომანქანები ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილი სურსათით, წყლით, მედიკამენტებით და სხვა საშუალებებით, თუმცა ღაზაში შესვლას ვერ ახერხებენ ისრაელის მიერ ამ ტერიტორიის დაბომბვის გამო.

მას შემდეგ, რაც 18 ოქტომბერს თელ-ავივში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ღაზის სექტორი ჰუმანიტარულ ტვირთს მიიღებს, სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათა ელ-სისის შორის. ეგვიპტის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ბაიდენი და ელ-სისი შეთანხმდნენ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე.

ისრაელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, აშშ-ისკენ მიმავალმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რაფაჰიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა, სავარაუდოდ, პარასკევს დაიწყება, რადგან მოსაწესრიგებელია საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა. წინასწარი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ღაზის სექტორში შევა 20 სატვირთო ავტომანქანა და თუ მათ რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მხრიდან პრობლემები არ შეექმნება, რაფაჰის პუნქტს გადაკვეთენ დანარჩენი ავტომანქანებიც. ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას გაეროს სტრუქტურები უზრუნველყოფენ.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელს დაჰპირდა, რომ თუ „ჰამასი“ ჰუმანიტარულ ტვირთს მიითვისებს, პროცესი შეწყდება. ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას დათანხმდა იმ პირობით, რომ ტვირთი „ჰამასის“ ხელში არ აღმოჩნდება.

ღაზის სექტორს ორი გასასვლელი აქვს - ეგვიპტის და ისრაელის საზღვრებთან. ისრაელმა საკონტროლო-გამშვები პუნქტები ჩაკეტა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის პასუხად მისთვის ომის გამოცხადების შემდეგ. ეგვიპტის საზღვართან არსებული რაფაჰის გამშვები პუნქტი ვერ მუშაობს ღაზის სექტორზე ისრაელის ავიადარტყმების გამო.

გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობა უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისშია და სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების დეფიციტს განიცდის.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
  • 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
  • ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.

XS
SM
MD
LG