Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი აცხადებს, რომ ხელს არ შეუშლის ღაზის სექტორისკენ ეგვიპტიდან მიმავალ ჰუმანიტარულ დახმარებას


რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის მოლოდინში მყოფი მოხალისეები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები. 17 ოქტომბერი, 2023 წელი
რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის მოლოდინში მყოფი მოხალისეები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები. 17 ოქტომბერი, 2023 წელი
ისრაელი ხელს არ შეუშლის ღაზის სექტორისკენ დახმარების ნაკადს ეგვიპტიდან, მაგრამ ტვირთს „ჰამასი“ ვერ მიიღებს, განაცხადა ისრაელმა 18 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ.
ბაიდენმა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისკენ მოუწოდა მასპინძლებს. ეგვიპტე, ისრაელის გარდა, ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ღაზის სექტორთან საზღვარს აქვს. საზღვართან ეგვიპტის მხარეს თავმოყრილი სატვირთო მანქანები ჰუმანიტარული ტვირთით ვერ შედიან ღაზაში, „ჰამასთან“ ომის გამო ისრაელის ინტენსიური საჰაერო თავდასხმების ფონზე.
მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა, ისრაელმა განაცხადა, რომ აწესებს "სრულ ბლოკადას" ღაზის სექტორზე, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სრულად შეუწყვიტა ელექტროენერგიის, სურსათის, წყლის და საწვავის მიწოდება. გაერო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ღაზას "ჰუმანიტარული კატასტროფა" ემუქრებოდა.
„ისრაელი არ ჩაერევა ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში, სანამ ეს იქნება მხოლოდ საკვები, წყალი და წამალი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ევაკუირებულებისთვის, და სანამ ეს ტვირთი არ მოხვდება „ჰამასის“ ხელში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელმა ეს გადაწყვეტილება ბაიდენის თხოვნის შედეგად მიიღო. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელი გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადას ისრაელიდან ღაზაში, "სანამ მძევლები არ დაბრუნდებიან".
ეგვიპტემ განაცხადა, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტი, რომელიც ომამდე ინტენსიური მიმოსვლის ადგილი იყო და ახლა მნიშვნელოვანი ჭიშკარია ტვირთებისთვის ღაზის სექტორისკენ, ოფიციალურად არ ყოფილა ჩაკეტილი, მაგრამ გაუვალი იყო ღაზის მხარეს ისრაელის ავიაციის აქტიურობის გამო.
XS
SM
MD
LG