Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლეგებმა არასწორად განმარტეს პრეზიდენტის მანდატი - რას ეფუძნება საკონსტიტუციოს 3 მოსამართლის განსხვავებული აზრი


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი კვერენჩხილაძე, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი კვერენჩხილაძე, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში

საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და ასევე საგარეო ურთიერთობებში მთავრობისგან თანხმობის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის მიზანი. 

უმცირესობაში აღმოჩენილი მოსამართლეები: ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში აღნიშნავენ, რომ იმპიჩმენტის საფუძვლის "ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით" დაკნინდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლის მექანიზმი, რომლის დასკვნასაც ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - 9 მოსამართლემ 3-4 ოქტომბერს განიხილა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 6 მოსამართლის მხარდაჭერა - სასამართლომ ზუსტად ამდენი ხმით დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. დადგენილება 16 ოქტომბერს გამოაცხადეს. 3 მოსამართლის განსხვავებული აზრი 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები ყურადღებას ამახვილებენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია ისე, როგორც სხვა ქვეყნების კონსტიტუციები, ზოგადია და "ხშირ შემთხვევებში, არ განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონკრეტულ ინსტრუმენტებს", თუმცა მასში წერია "ზოგადი დებულებები მათი სტატუსის, უფლებამოსილების არსისა და ფარგლების შესახებ".

"მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება იწვევს პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციური ინტერესის იმაზე მეტად ხელყოფას, ვიდრე ამას წარდგინების ავტორების მიერ მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია", - წერია განსხვავებულ აზრში.

სამი მოსამართლის არგუმენტები ასეთია:

რა შეუძლია პრეზიდენტს?

  • საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფო მეთაურს, უმთავრესად ცერემონიული, თუმცა ამავდროულად კონსტიტუციური უფლებამოსილება (მანდატი) აქვს;
  • მთავრობისა (აღმასრულებელი ხელისუფლების) და პრეზიდენტის (სახელმწიფო მეთაურის) ინსტიტუტების უფლებამოსილების გამიჯვნის მიზანია სიმბოლურად იყოს განცალკევებული პარტიის მიერ შერჩეული მთავრობა და კონსტიტუციით პოლიტიკურად მიუკერძოებელი პრეზიდენტი;
  • ხელისუფლებისა და ოპოზიციის საქმიანობა ყოველთვის ნაკარნახევია პოლიტიკური დღის წესრიგით, კონსტიტუციით პრეზიდენტისათვის მინიჭებული როლი კი უნიკალურია - "პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი უმაღლესი თანამდებობის პირი, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია, საერთო ეროვნული პოზიცია გააჟღეროს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე";
  • არასწორია საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის როლის დაყვანა მექანიკურ აღსრულებამდე - "ფორმალურად უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელსაც კონსტიტუცია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის როლს ანიჭებს, იმავდროულად აქვს ვალდებულება, იმოქმედოს და ხელი შეუწყოს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევას";
  • პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულია სტატუსი ("წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში"), რომელიც არ გამორიცხავს მისთვის უფლებამოსილების მინიჭებას;
  • საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის, ყველა უფლება კონსტიტუციით არ არის გაწერილი, თუმცა კონსტიტუციური მანდატიდან გამომდინარე მას შეიძლია "პოპულარიზაცია გაუწიოს საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე იდეებს" და საქართველოს პარტნიორებამდე სხვადასხვა ფორმით მიიტანოს.

რა უფლებამოსილებები აქვს პრეზიდენტს?

სამი მოსამართლე წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები არ არის განსაზღვრული მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლით, რომლის დარღვევაც სასამართლომ სალომე ზურაბიშვილს დაუდგინა. მოსამართლეებს არგუმენტად მოჰყავთ იმავე მუხლის ჩანაწერი, რომელშიც წერია, რომ პრეზიდენტი "ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს".

"იმ შემთხვევაში, თუ ყოველ ჯერზე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციის დასაფიქსირებლად საქართველოს პრეზიდენტს დასჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა, მაშინ ხსენებული პოზიცია მუდმივად აღიქმება, როგორც საქართველოს მთავრობის მოსაზრება... ფაქტობრივად, აზრს დაუკარგავს საქართველოს პრეზიდენტის, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი სახელმწიფოს მეთაურის, ქმედებას", - წერია განსხვავებულ დასკვნაში.

სამი მოსამართლე ხსნის, რა განსხვავებაა საგარეო და საერთაშორისო ურთიერთობებს შორის. მოსამართლებს მაგალითად მოჰყავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მონაწილეობა სხვადასხვა კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში:

"მიზანი საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებაში ხელშესაწყობად ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების გაზიარებაა. მსგავსი შეხვედრების დანიშნულება და რეალური შედეგი არ არის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა და, შესაბამისად, როგორც წესი, ვერ ჩაითვლება საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტად".

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა "ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას", მოსამართლეები გამოყოფენ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ამ პროცესში როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები ისე არიან ჩართული, თუმცა კონსტიტუციას არ არღვევენ:

  • მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყებაა;
  • ძირითადად, საქართველოს პროკურატურა წარმართავს ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკას.

იყო სხვა არგუმენტებიც:

  • პრეზიდენტს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელებაში შესაძლოა დასჭირდეს "საგარეო ურთიერთობები". ამის მაგალითია კანონპროექტისთვის ვეტოს დადების პროცესში, როგორც სახელმწიფო მეთაურის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციებისთვის კომუნიკაცია;
  • საქართველოს პრეზიდენტმა, მთავრობის თანხმობის გარეშე, საერთაშორისო ურთიერთობის პროცესში საქართველოს კონსტიტუცია შეიძლება დაარღვიოს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა სცდება მისი, როგორც "სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ ფუნქციებს". მათი აზრით, სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო არა ის, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს ფორმალურად საზღვარგარეთ ვიზიტებზე მთავრობისგან მიღებული უფლება, არამედ შეეფასებინა, ხომ არ გასცდა "სახელმწიფოს მეთაური ცერემონიულ როლს".

იმპიჩმენტისთვის საკმარისი მიზეზია?

განსხვავებული აზრის ერთი ნაწილი კოლეგების კრიტიკას ეთმობა, რომლებმაც ფართოდ განმარტეს "კონსტიტუციის დარღვევა" და გასცეს თანხმობა "პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე" და "საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე".

მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ იმპიჩმენტის მიზანი ხელისუფლებიდან იმ მაღალჩინოსნების ჩამოცილებაა, რომლებიც საკუთარი ქმედებებით საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ ღირებულებებს. მათი აზრით, კოლეგებს არ უნდა ემსჯელათ მხოლოდ იმაზე, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია ფორმალურად, არამედ - ეს დარღვევა რამდენად არის იმ ხარისხის, რომ იმპიჩმენტის საფუძველი გამხდარიყო:

"კოლეგები, ერთი მხრივ, მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის ნებისმიერი მოთხოვნის დამრღვევი საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობის გადაყენებას არ იმსახურებს, მეორე მხრივ, კი საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, უარს აცხადებს უპასუხოს კითხვას, არსებობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი, რაც მის წინაშე დასმულ ერთადერთ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს..."

ის, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის რისკები არსებობს, სწორედ ამით არის საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ახსნილი კონსტიტუციაში. ეს სასამართლო საქმის განხილვის დროს მსჯელობს, პარლამენტი, მთავრობა, მინისტრი თუ სხვა სახელმწიფო უწყება გადაწყვეტილების მიღების დროს რამდენად მოქმედებდა "საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებში":

"რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა, არ უნდა იქნეს განხილული პირის იმპიჩმენტის თვითკმარ, ავტომატურ საფუძვლად... დამატებითი გარემოებების მხედველობაში მიღების გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის ნებისმიერი დარღვევა არ უნდა იქნეს მიჩნეული იმგვარ შემთხვევად, რომელზე რეაგირების მექანიზმადაც კონსტიტუცია იმპიჩმენტს ითვალისწინებს", - წერია დოკუმენტში.

საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის მიერ მიღებული არაერთი კანონისა თუ მთავრობის დადგენილებები აქვს არაკონსტიტუციურად ცნობილი, თუმცა არასდროს წამოჭრილა გადაწყვეტილების მიმღები პირების თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი.

ვინ არიან განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები?

თეიმურაზ ტუღუში

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მიერ. საკონსტიტუციო მოსამართლეა 2016 წლიდან. მანამდე იყო ამავე სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი.

"როგორც კი საკუთარ თავში შემეპარება ოდნავ ეჭვი, რომ მე არ შემიძლია, გპირდებით, რომ არ ვიქნები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მაგრამ, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და ეს არ არის ის სიტყვები, რომ რაღაც მეჩვენებოდეს, მიმუშავია, ვიცი, რა მიკეთებია და რა უნდა ვაკეთო მომავალში. ვიცი, რა მიღწევები აქვს სასამართლოს, რა გამოწვევები აქვს და წარმომიდგენია, მომავალში რა შეიძლება იყოს კიდევ", - თქვა მან მოსამართლედ განწესების შემდეგ.

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დანიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოში და მას უფლებამოსილების ნახევარზე მეტი უკვე ამოწურული აქვს.

ორი წლის განმავლობაში იყო მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი; 2004-2006 წლებში მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის თანაშემწედ.

ირინე იმერლიშვილი

გიორგი მარგველაშვილის დანიშნულია (2016 წელს) მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც. მანამდე არც მას ჰქონია სამოსამართლეო გამოცდილება.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს (2000-2003 წლებში) იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წელი იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, შემდეგ კი, მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, ეროვნულ უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.

XS
SM
MD
LG