Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტონიუ გუტერეში: მძევლების საკითხი და ღაზისთვის დახმარების მიწოდება ვაჭრობის საგანი არ უნდა იყოს


არქივის ფოტო: გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. 6 იანვარი. 2023 წელი
არქივის ფოტო: გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. 6 იანვარი. 2023 წელი

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 15 ოქტომბერს მოუწოდა „ჰამასს,“ გაათავისუფლოს მძევლები ყოველგვარი პირობების გარეშე და ისრაელს - უზრუნველყოს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი და შეუზღუდავი შესვლა.

„ეს ორივე მიზანი მნიშვნელოვანია თავისთავად. ესენი არ უნდა გახდეს ვაჭრობის საგანი და უნდა განხორციელდეს, რადგან ესაა სწორი“, - ნათქვამია გუტერეშის განცხადებაში.

13 ოქტომბერს ისრაელის მწვავე რეაქცია მოჰყვა გაეროს მოწოდებას, რომ უარი უნდა თქვას ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის მოთხოვნაზე, რადგან ამან შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს ისედაც რთული ვითარება. გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა ღაზის მცხოვრებთა გაფრთხილებაზე გაეროს რეაქციას „სამარცხვინო“ უწოდა.

ისრაელმა 15 ოქტომბერს დაადასტურა, რომ "ჰამასის" ხელში მყოფ მძევალთა რაოდენობა 155-ია.

7 ოქტომბერს ისრაელში შეჭრის შემდეგ "ჰამასმა" მძევლები აიყვანა. მათი ადგილსამყოფელი უცნობია. იერიშის დროს დაღუპულ ისრაელელთა რაოდენობა 1400-ია.

თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმიამ დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა და ალყა შემოარტყა რეგიონს, გადაუკეტა წყლითა და ელექტროდენით მომარაგება და ჩაკეტა ჰუმანიტარული დახმარების გზები. ისრაელმა პალესტინელებს მოუწოდა, დატოვონ ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და გადავიდნენ სამხრეთში.

ისრაელის არმიის ოპერაციების შედეგად დახოცილ პალესტინელთა რიცხვი 2400-ს აღწევს.

XS
SM
MD
LG