Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სააგენტო: ღაზა განიცდის „უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას“


ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმებმა გამოიწვია „უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა“ პალესტინელთა ტერიტორიაზე, განაცხადა 15 ოქტომბერს გაეროს უწყებამ, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს უწევს მხარდაჭერას.

„ბოლო რვა დღეში ღაზის სექტორში არცერთი წვეთი წყალი არ შეუტანიათ, არცერთი მარცვალი ხორბალი და არცერთი ლიტრი საწვავი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფილიპე ლაზარინიმ, სააგენტოს გენერალურმა კომისარმა. UNRWA ახლო აღმოსავლეთში გაეროს სააგენტოა, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს უწევს მხარდაჭერას და ორგანიზაციას უკეთებს ამასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

ისრაელმა 15 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში წყლის მომარაგება აღდგა.

7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, რასაც 1400 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელმა ალყაში მოაქცია ღაზის სექტორი და გადაკეტა ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება. მას მერე ისრაელის ავიაცია ბომბავს ღაზას.

ისრაელმა მოუწოდა მოსახლეობას, დატოვოს არეალი, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს.

პალესტინელთა შორის მსხვერპლი 2400 ადამიანს უდრის.

XS
SM
MD
LG