Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდება წარედგინა 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს


გენერალური პროკურატურა
გენერალური პროკურატურა

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

მოგვიანებით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, თუმცა ოჯახის წევრებმა გოგონა გამტაცებელთან დააბრუნეს და მასთან თანაცხოვრება აიძულეს", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამტაცებლის ბიძას და ბიძაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

14 წლის არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, 27 წლის ასიმ ასლანოვს, გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე.

ხოლო მოკლულის დედას და ბიძას - ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

სამივე მათგანს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

XS
SM
MD
LG