ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოქალაქეებმა, რომლებიც კვლავაც რჩებიან ჩრდილოეთ ღაზის ნაწილში, უნდა დატოვონ ტერიტორია და ადგილობრივი დროით 10 საათიდან 13 საათამდე წავიდნენ სამხრეთით.
ამასთან, მათ უნდა აირჩიონ ერთი მარშრუტი - ბეიტ-ხანუნიდან ხან-იუნისის მიმართულებით.
ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც ისრაელს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24-საათიანი ვადა შაბათს, 14 ოქტომბერს, ამოიწურა.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას.
15 ოქტომბერს, გამთენიისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ნაწილში ევაკუირებისკენ.
მანამდე გაერო აფრთხილებდა ისრაელს, რომ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გამანადგურებელი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე, ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისია იყო.
ამავე დროს, ისრაელის არმიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები „მთავარ სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ღაზის სექტორი დატოვა მშვიდობიანმა მოსახლეობამ.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზის სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.
რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.
"ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მიერ შურისძიების მიზნით ღაზის სექტორის დაბომბვისას, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 15 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულია 2300-ზე მეტი ადამიანი.