Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთმა ისრაელთან ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფეისალ ბინ ფარხანს. ერ-რიადი. 14 ოქტომბერი, 2023 წელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფეისალ ბინ ფარხანს. ერ-რიადი. 14 ოქტომბერი, 2023 წელი

საუდის არაბეთის სამეფომ შეაჩერა ისრაელთან მოლაპარაკება ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების შესახებ ისრაელსა და პალესტინი რადიკალური დაჯგუფების „ჰამასის“ სამხედრო დაპირისპირების ფონზე.

AFP-ს აცნობა წყარომ, რომელიც განხილვებთან დაახლოებულია, რომ „საუდის არაბეთმა გადაწყვიტა შეაჩეროს ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების განხილვა და ამის თაობაზე აცნობა აშშ-ის ოფიციალურ პირებს“. წყარომ ამის შესახებ სააგენტოს აცნობა იმ დღეს, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ერ-რიადში შეხვდა თავის კოლეგას, ფეისალ ბინ ფარხანს.

საუდის არაბეთი იყო ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის მოგზაურობის ბოლო პუნქტი.

რადიკალურმა გაერთიანებამ, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს განახორციელა იერიში ისრაელზე, რის შედეგად დაიღუპა 1300 ადამიანი. ამას მოჰყვა ისრაელის საპასუხო სამხედრო კამპანია და ღაზის სექტორის დაბომბვა, რასაც 2251 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელმა ღაზის სექტორის მოსახლეობას მიმართა, დატოვოს არეალი, რაც ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციის დაწყების მოახლოებას მოასწავებს.

ერ-რიადში ბლინკენის სტუმრობის შემდეგ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოწოდებით, რომ „დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი ღაზასა და მის შემოგარენში“ და დაუყოვნებლივ შევიდეს იქ ჰუმანიტარული დახმარება.

ენტონი ბლინკენმა, 13 ოქტომბერს ისრაელს მოუწოდა ღაზის სექტორში უსაფრთხო ზონების შექმნით შეზღუდოს პალესტინის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა და შეინარჩუნოს სიმშვიდე არაბულ სამყაროში „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.

თელ-ავივში სოლიდარობის ვიზიტის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ ისრაელის აქვს უფლება საპასუხო ზომებს მიმართოს, მაგრამ ამავე დროს გაამკაცრა ტონი უდანაშაულო პალესტინელების დაცვის შესახებ.

ბლინკენმა, სხვათა შორის, მოწოდებით მიმართა 14 ოქტომბერს ჩინეთს, ირანის პარტნიორს, გამოიყენოს თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდის შენარჩუნების საქმეში.

საუდის არაბეთს, სადაც მუსლიმთა წმინდა ადგილებია, არასოდეს უღიარებია ისრაელი და არ შეერთებია მეზობელ, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, 2020 წელს აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ მორიგებას, რასაც მოჰყვა ბაჰრეინის, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროსა და მაროკოს მიერ ისრაელთან ოფიციალური ურთიერთობის დამყარება. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლო თვეებში ცდილობს, რომ საუდის არაბეთი ასეთ ნაბიჯზე დაიყოლიოს.

XS
SM
MD
LG