Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ღაზის სექტორის მცხოვრებთ ევაკუაციის ვადა ექვსი საათით გაუგრძელა


ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ხან იუნისი ისრაელის ავიაციის თავდასხმის შემდეგ. 14 ოქტომბერი, 2023 წელი
ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ხან იუნისი ისრაელის ავიაციის თავდასხმის შემდეგ. 14 ოქტომბერი, 2023 წელი
ისრაელის არმიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთის მცხოვრებთა ევაკუაციის ვადა ექვსი საათით გაახანგრძლივა, ანუ 24 საათს, რომელიც ისრაელის სამხედროებმა მოსახლეობას პარასკევს დილით მისცეს, დაემატა 6 საათი. ისრაელის არმიის ტელეგრამის არხის თანახმად, რადიკალური „ჰამასის“, რომელიც ღაზას მართავს, წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსახლეობამ ზოლის ჩრდილოეთ არეალების დატოვება დაიწყო.

ისრაელის თვითმფრინავებმა ღაზაში ჩამოყარეს ქაღალდები, რომელშიც მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ისრაელი ამ მოწოდებას იმით ხსნის, რომ უახლოეს მომავალში დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას ზოლში „ჰამასის“ გასანადგურებლად.
აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული ამ დაჯგუფების შეიარაღებულმა შენაერთებმა 7 ოქტომბერს შეუტიეს ისრაელის სამხრეთ რეგიონებს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

„ჰამასმა“ ასზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და ისინი კვლავ ღაზაში ჰყავს პატიმრობაში.

„ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის ავიაციის მიერ სექტორის დაბომბვის შედეგად, პალესტინის მხარის მონაცემებით, დაახლოებით 1900 პალესტინელი დაიღუპა.

არაბული ქვეყნების ნაწილმა მკვეთრად დაგმო ისრაელის მოწოდება ღაზის მცხოვრებლების მიმართ სახლების დატოვების შესახებ, ისევე როგორც ზოლის ბლოკადა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მიმართა ისრაელს, არ დაუშვას ჰუმანიტარული კატასტროფა რეგიონში ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის გადაადგილების გამო. „ადამიანები უსაფრთხოდ უნდა იყვნენ საკუთარ სახლებში“, - განაცხადა გაერომ. ორგანიზაციამ ისრაელს ასევე მოუწოდა, დროებით მაინც შეწყვიტოს სექტორის ბლოკადა, რათა იქ მოხერხდეს სასმელი წყლის, საკვებისა და საწვავის მიწოდება.

The Washington Post-ის ინფორმაციით, რომელიც ვიდეოჩანაწერს ეყრდნობა, ისრაელის ავიაციის ერთ-ერთი დარტყმა, სავარაუდოდ, ლტოლვილთა კოლონას მოხვდა, რის შედეგად, შეიძლება, ათობით ადამიანი დაიღუპა. ისრაელის სამხედროებს ამ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ისრაელის არმიის განცხადებით, შაბათს ღამით ღაზაში ავიაიერიშის დროს მოკლეს მერად აბუ მერადი - „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური ღაზაში და 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
თავდასხმისას „ჰამასმა“ გამოიყენა პარაპლანებიც. პალესტინელების შეიარაღებულ ჯგუფებს მანამდე მსგავსი ტაქტიკისთვის არ მიუმართავთ.

„ჰამასი“ პარასკევს, 13 ოქტომბერს განაგრძობდა სროლას ისრაელის მიმართულებით. ყველაზე სახიფათო ტერიტორიად რჩება ქვეყნის სამხრეთი, კერძოდ, ქალაქები აშდოდი და აშკელონი. საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი განგაშის ხმა ისმოდა თელ-ავივშიც.
XS
SM
MD
LG