Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში პირველი სახმელეთო ოპერაციები დაიწყო


პალესტინელები ტოვებენ ღაზას ისრაელის არმიის გაფრთხილების შემდეგ. 2023 წლის 13 ოქტომბერი
პალესტინელები ტოვებენ ღაზას ისრაელის არმიის გაფრთხილების შემდეგ. 2023 წლის 13 ოქტომბერი

პარასკევს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს სახმელეთო ოპერაციები ღაზის სექტორში "ჰამასის" ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.

ისრაელის სარდლობამ განაცხადა, რომ საუბარი ჯერ არ არის ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე. არამედ ეს იყო მიზანმიმართული რეიდები, რომლის დროსაც სამხედროებმა ბოევიკებისგან ტერიტორია გაწმინდეს და ჩაატარეს დაზვერვა იმის დასადგენად, თუ სად შეიძლება იმყოფებოდნენ „ჰამასის“ მიერ გატაცებული ისრაელელი მძევლები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას ტელევიზიით მოკლე სიტყვით მიმართა. ეს არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ხალხს შაბათს მიმართავს. ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არმიის ამჟამინდელი ქმედებები ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ სრულად განადგურების ოპერაციის მხოლოდ დასაწყისია. ისრაელელები იცავდნენ თავიანთ სახლს და ისინი „იბრძოლებენ როგორც ლომები“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს გამოსვლა მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის საპარლამენტო ოპოზიციის ხელმძღვანელმა იაირ ლაპიდმა. მისი აზრით, პრემიერ-მინისტრი, თავისი საგანგებო მიმართვით, მხოლოდ პანიკას თესავს და არაფერ ახალს არ ამბობს მძევლების ბედის, ფრონტზე არსებული მდგომარეობისა თუ შესაძლო ევაკუაციის შესახებ.

იმავდროულად, ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას უკვე მოუწოდეს, დატოვონ რეგიონის ჩრდილოეთი 24 საათის განმავლობაში და ევაკუაცია მოახდინონ სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან ახლოს. საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ იუწყება, რომ პარასკევს საღამოს ღაზის საავადმყოფოებს მომდევნო ორი საათის განმავლობაში დაევალათ ევაკუაცია.

გაერო მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მსგავსი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის და ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერ ისეთ ბრძანებაზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ სიტუაციას კატასტროფად აქცევს.

გაეროს მიერ 13 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 423 378-მა ადამიანმა. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

  • 7 ოქტომბრიდან, როცა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. ისრაელის ავიაცია 7 ოქტომბრიდან ინტენსიურად ბომბავს „ჰამასის“ ობიექტებს ღაზის სექტორში. ამასთან, ღაზის საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა მობილიზებულია ისრაელის 300 ათასზე მეტი რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას.

XS
SM
MD
LG