Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის სახელით ურყევი მხარდაჭერა გამოხატა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი (მარცხნივ), ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი (მარცხნივ), ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი

13 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა და ქართველი ხალხის სახელით ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ.

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ელჩს სამძიმრის წერილი გადასცა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს გაუგზავნა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ ისრაელის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი
სალომე ზურაბიშვილის მიერ ისრაელის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი

9 ოქტომბერს ისრაელის ელჩი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისრაელელ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული შეტევა და მიუსამძიმრა დაღუპულთა გამო.

2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG