სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის მისი წევრი, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ომის შესაძლო დანაშაულზე, რომელიც ისრაელში „ჰამასის“ მეომრებმა ჩაიდინეს, ღაზის სექტორში კი - ისრაელელებმა.
Reuters-ის თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ღაზის სექტორის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს აქვს უფლება, პასუხისგებაში მისცეს პალესტინელთა გასამხედროებული გაერთიანება „ჰამასი", რომელიც ღაზას მართავს. „თუ იქნება იმის დასტური, რომ პალესტინელებმა, „ჰამასმა“ ან "ალ-ყუდსის ბრიგადებმა“, ან "ჰამასის" გასამხედროებულმა ფრთამ, ან სხვა პირმა, ან ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს ნებისმიერმა სხვა მოქალაქემ ჩაიდინა დანაშაული, ჩვენ გვაქვს იურისდიქცია, სადაც უნდა იყოს ის ჩადენილი, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე“, - განაცხადა სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ქარიმ ხანმა.
თავის პირველ კომენტარში, რომელიც მან გააკეთა 7 ოქტომბერს, როცა „ჰამასმა“ სასტიკი დარტყმა მიაყენა ისრაელს, ხოლო ისრაელმა გამანადგურებლად დაბომბა ღაზის სექტორი, ხანმა განაცხადა, რომ ეს კადრები იყო „სულისშემძვრელი“. მისი თქმით, "არ არის აუცილებელი, იყო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი. ნებისმიერ ადამიანს გაეყინება, გაუჩერდება და გაუსკდება გული იმ კადრების ხილვისას, რომლებსაც ავრცელებენ ისრაელიდან და პალესტინიდან“.
არის რა ბოლო ინსტანციის სასამართლო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ახორციელებს იურიდიულ დევნას შესაძლო დანაშაულის გამო იმ შემთხვევებში, თუ 123 წევრ სახელმწიფოს არ სურს ან არ შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს სასამართლო პროცესი. ჰააგის ამ სასამართლოს წევრები არ არიან მსოფლიოს ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორებიცაა აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი და სხვები.
თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გასცემს დაპატიმრების ორდერებს ისრაელის და პალესტინელთა რადიკალური გაერთიანება „ჰამასის“ კონფლიქტის მონაწილეებზე, ბრალდებულების დაპატიმრება დამოკიდებული იქნება წევრ სახელმწიფოებზე, რადგან სასამართლოს არ აქვს პოლიციური ძალა.
სასამართლო 2021 წლიდან აწარმოებს გამოძიებას პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაძლო ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ფაქტებზე, მაგრამ ისრაელი ამ სასამართლოს არ აღიარებს.