Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალი ელჩი ღირებულ წვლილს შეიტანს საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობაში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ ილაპარაკა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. როგორც მან თქვა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ღირებული და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია.

„საქართველოში ჩამობრძანებული ამერიკის ახალი ელჩი დარწმუნებული ვარ, შეიტანს თავის ღირებულ წვლილს, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, - აღნიშნა დარჩიაშვილმა და დაამატა, - ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქალბატონი ელჩი შეიტანს თავის ძალიან ღირებულ როლს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ ძალიან მჭიდროდ და ახლოს და ეს ურთიერთობები ავიყვანოთ კიდევ უფრო ახალ ხარისხში“.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან 21 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას. მისივე თქმით, ახალ ელჩთან საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგანი უკვე საქართველოშია.

„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგანის ჩამოსვლას საქართველოში", - ეს ცნობა დღეს, 12 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის თებერვალში წარადგინა. ივლისში სენატმა მხარი დაუჭირა მის დანიშვნას.

რობინ დანიგანმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შეცვალა წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კელი დეგნანი, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.

ბოლო პერიოდში დეგნანს ხშირად აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური საკითხისადმი ელჩის დამოკიდებულების გამო.

XS
SM
MD
LG