მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარში აკრიტიკებს საქართველოში აშშ-ის ელჩს იმ განცხადების გამო, რომელიც კელი დეგნანმა "პრაიდის ფესტივალის" ჩაშლასთან დაკავშირებით გააკეთა. კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი სამართალდამცავები და "დიპლომატის საქმე არ არის შეკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით".
"რაც შეეხება თვითონ სასჯელს, ერთი, რომ ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით. ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს. თუ საუბარია დაჭერაზე, ქრონოლოგიურად ჯერ რიგი უწევთ 7-8 მარტის მოძალადეებს. მერე შეიძლება დადგეს სხვისი ჯერი, ეს არ ვიცი. მაგრამ დიპლომატის საქმე არ არის შეკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანოები და მადლობა ღმერთს, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ამ თემებთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.
ამ საკითხზე მან ილაპარაკა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა კელი დეგნანის განცხადების შეფასება სთხოვეს - ელჩის თქმით, "დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა... ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია".
8 ივლისს „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, დაიკავეს ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებდნენ.
მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, შევიდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დაარბიეს. პოლიციას ისინი არ შეუჩერებია - პასუხად შსს-მ განაცხადა, რომ "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, რომელთა შეჩერება გაშლილ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო".
ჩაშლილი „პრაიდის ფესტივალის“ ორგანიზატორების აზრით, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.