Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უარს ამბობს „ჰამასის“ წევრების მკურნალობაზე


დაჭრილის გადაყვანა თელ-ავივის საავადმყოფოში.11 ოქტომბერი, 2023 წელი
დაჭრილის გადაყვანა თელ-ავივის საავადმყოფოში.11 ოქტომბერი, 2023 წელი

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ აკრძალა რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის“ წევრების მკურნალობა ქვეყნის სახელმწიფო საავადმყოფოებში, წერს The Jerusalem Post-ი.

შესაბამისი განკარგულება გასცა ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა მოშე არბელმა. „ამ რთულ დროს ჯანმრთელობის სისტემის ყურადღება მთლიანად უნდა იყოს გადატანილი დამნაშავეობრივი ომის მსხვერპლის და ისრაელის არმიის ჯარისკაცების მკურნალობასა და მომავლისთვის მზადყოფნაზე“, - თქვა არბელმა. მისი სიტყვებით, ამ საკითხის გადაჭრა უნდა დაეკისროთ ისრაელის არმიას და უსაფრთხოების სამსახურებს.

ცნობილი გახდა, რომ თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრში არ მიიღეს „ჰამასის“ წევრი. ის მარლაში გააგზავნეს, ციხის საავადმყოფოში.

12 ოქტომბრის დილით ისრაელის არმიამ გაავრცელა ცნობა „ჰამასის“ორი წევრის, მათ შორის დაჯგუფების სამხედრო-საზღვაო ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლის, მუჰამედ აბუ შამალისა და მუსტაფა შაჰინის მოკვლის შესახებ. შაჰინმა გადაიღო და ღია ეთერში გადასცა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა 7 ოქტომბერს. სულ, ისრაელის არმიის თანახმად, 7 ოქტომბრის შემდეგ მოკლულია 1500 „ჰამასელი“.

„ჰამასი“ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც აკონტროლებდა ღაზის სექტორს - პალესტინელთა ანკლავს ეგვიპტესა და ისრაელს შორის. იგი არ აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებას. „ჰამასი“ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

XS
SM
MD
LG