Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად განიხილავს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას


ღაზის სექტორის სამხრეთი დაბომბვის შემდეგ. 9 ოქტომბერი, 2023.
ღაზის სექტორის სამხრეთი დაბომბვის შემდეგ. 9 ოქტომბერი, 2023.

აშშ ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად განიხილავს ამჟამად ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის საკითხს. როგორ იმუშავებს დერეფანი, ჯერ არ იტყობინებიან. ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.

მანამდე ღაზიდან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო მარშრუტის გახსნას მოითხოვდნენ ჰუმანიტარული ჯგუფები და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც რეგიონში ბრძოლები დაიწყო, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ღაზის საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით.

ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს, ღაზაში მდებარე ერთადერთმა ელექტროსადგურმა საწვავის ნაკლებობის გამო შეწყვიტა მუშაობა. ელექტროენერგიის მიწოდება ისრაელიდან, რაც ენერგეტიკის სექტორის უდიდეს ნაწილს შეადგენდა, შეჩერებულია. სექტორში ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ჯერჯერობით დიზელის გენერატორებია. უცნობია, რამდენ ხანს იკმარებს მათი საწვავის მარაგი. გაეროს მიაჩნია, რომ ამან შესაძლოა რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.

„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებული მებრძოლები 7 ოქტომბერს თავს დაესხნენ სამხრეთ ისრაელს. ბოლო მონაცემებით, ისრაელში 1200 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამოქალაქო პირები და უცხოელები. ჯიჰადისტების მძევლად რჩება ასზე მეტი ადამიანი.

ისრაელმა გამოაცხადა ოპერაცია „რკინის ხმლები“ და დაიწყო ღაზის სექტორში სამიზნეებზე დარტყმები. რამდენიმე დღეში ასობით ათასი რეზერვისტი გაიწვიეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

პალესტინელთა მხარის ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაახლოებით ათასი ადამიანი დაიღუპა. 260 ათასზე მეტმა პალესტინელმა სახლები დატოვა. ზოგიერთმა მათგანმა რეგიონი დატოვა ეგვიპტის საზღვარზე მდებარე რაფაჰის ერთადერთი გადასასვლელით.

სამშაბათს ისრაელმა ცეცხლი გაუხსნა სასაზღვრო გამშვები პუნქტის რაიონს, ვინაიდან იქ, ისრაელის მხარის ცნობით, მდებარეობდა მიწისქვეშა გვირაბი, რომლითაც ტექნიკა და საბრძოლო მასალა იგზავნებოდა ღაზის სექტორში. კაირომ საგუშაგო დაკეტა.

XS
SM
MD
LG