Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი გამოეხმაურა ბაქოსთან საქართველოში მოლაპარაკებების შესაძლებლობას


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წინადადებას, საქართველო გახდეს მოლაპარაკების პლატფორმა.

ფაშინიანის თქმით, ახლა, როცა განიხილება ბრიუსელში შეხვედრის საკითხი და უკვე არსებობს გარკვეული ჩარჩო, აზერბაიჯანი სხვა პლატფორმის შეთავაზებას ცდილობს.

გრანადაში გაიმართა შეხვედრა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დარეგულირების პრინციპები ევროკავშირის პლატფორმაზე დაფიქსირდა ჩვენი და ევროკავშირის ხედვებით. და გასაგებია, რომ როცა ჩვენ ბრიუსელში ვხვდებით, საუბარი უნდა წარიმართოს ამ პრინციპების ჩარჩოში, რომელთა შესახებაც ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება. სომხეთის რესპუბლიკამ ის მიიღო და სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც მიიღო. ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხს განვიხილავთ, სადაც ჩვენ გვაქვს ჩარჩო, რომლის ხაზგასმაცაა საჭირო და როცა აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შემოთავაზებას, ეს ჩვენ მიერ შეიძლება განიმარტოს, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება“, - განუცხადა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

მისი თქმით, ძლიერდება ხიფათი, რომ ფარული გეგმა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ ყველაფერი ძალის გამოყენებით, ახალი ომით, ახალი ესკალაციის დასრულდეს.

„ჩვენ არანაირი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენ იმ ლოგიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გაგვიყვანს“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა, ციტირებს „არმენპრესი“.

სომხეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ერევანი „3+3“ ფორმატში შეხვედრისთვისაც მზადაა. მისი სიტყვებით, თავის დროზე მიღწეული იყო შეთანხმება, რომ „3+3“ ფორმატში მომდევნო შეხვედრა თეირანში გაიმართებოდა. ფაშინიანის თქმით, ერევანი მზადაა, მაგრამ არსებობს დამატებით განსახილველი საკითხები.

„უპირველეს ყოვლისა, შეხვედრები ამ მომენტამდე საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე იმართებოდა. ახლა ისიც უნდა დაზუსტდეს, როგორია მხარეების აღქმა, რა დონეზე უნდა გაგრძელდეს საუბარი და ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა ფაშინიანმა, რომლის თანახმადაც, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამ ფორმატში დისკუსია გადაიდო ან არ ჩატარდა ერევნის გამო.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში.

10 ოქტომბერს ალიევმა "3+3" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაქოში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან, შეხვედრისას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით გადაიჭრას.

3+3“ თურქეთის მიერ ინიციირებული და რუსეთის მხარდაჭერილი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატია, რომელიც ყარაბაღში 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ შეიქმნა. მასში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე სამი რეგიონული სახელმწიფოს: რუსეთის, თურქეთისა და ირანის მონაწილეობა მოიაზრებოდა.

სომხეთმა ორი წლის წინ განაცხადა, რომ ეს ფორმატი არ უნდა მოიცავდეს საკითხებს, რომლებიც უკვე შეთანხმებულია ან სხვა პლატფორმებზე განიხილება, მათ შორის მთიანი ყარაბაღის საკითხი. საქართველომ განაცხადა, რომ ვერ ითანამშრომლებს რუსეთთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი.

XS
SM
MD
LG