Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევი: თუ სომხეთი დათანხმდება, მყისიერად დავიწყებთ სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თბილისი. 8 ოქტომბერი, 2023 წელი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თბილისი. 8 ოქტომბერი, 2023 წელი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობა „ყველაზე სწორი არჩევანია“, აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

ალიევი აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს სტუმრობს. ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესი მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა გასულ თვეში სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა.

„ჩემი იდეა ისაა, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები თუ ნებისმიერი სხვა, მათ შორის გეოგრაფიული, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში. ველით იმავეს სომხეთისგანაც. და თუ ის დათანხმდება, მყისიერად დავიწყებთ შესაბამისი უწყებების ჩართულობით ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, - განაცხადა ალიევმა კვირას საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ალიევის გამოსვლას წინ უსწრებდა ღარიბაშვილის მიმართვა. მან გაიმეორა მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, რომ თბილისი ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში.

„ჩვენ, საქართველოს, ყოველთვის გვეკავა ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა, - სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“.

ღარიბაშვილის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის განვითარების საკითხები.

გასულ თვეში 24-საათიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა აღადგინა კონტროლი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონზე, რამაც გამოიწვია 120 000 ეთნიკური სომხის უმეტესი ნაწილის გადასახლება სომხეთში.

ბოლოს ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ წინადადებები აგვისტოში გაცვალეს. რამდენჯერმე რედაქტირებული დოკუმენტის დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, შეხვედრაზე. მოლაპარაკებები საფრანგეთის, გერმანიისა და ევროსაბჭოს ლიდერების მონაწილეობით უნდა გამართულიყო 5 ოქტომბერს.

XS
SM
MD
LG