ისრაელის და უცხოელი ჟურნალისტები სამშაბათს ჩავიდნენ კიბუც კფარ-აზაში - ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის პატარა სოფელში, რომელიც შაბათს რამდენიმე საათით ჩაიგდეს ხელთ პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებმა. ჟურნალისტთა ინფორმაციით, კიბუცში სასტიკად დახოცეს სამოქალაქო პირები. ასახელებენ სხვადასხვა რიცხვს - 70-დან 200-მდე.
i24NEWS-ის თანახმად, აღმოჩნდა 40 ბავშვის, მათ შორის ჩვილების გვამები. მათ შორის იყვნენ ნაწამები და თავმოჭრილებიც. თავმოჭრილი ბავშვების გვამების აღმოჩენის შესახებ იტყობინება ასევე ისრაელის არმიის წარმომადგენელი, იუწყება The Independent-ი.
ისრაელის გენერალმა იტაი ვერუვმა, რომელიც ხელმძღვანელობდა სოფელში სამძებრო სამუშაოებს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცხოვრებაში არასოდეს უნახავს ძალადობის ასეთი სცენები. მისი სიტყვებით, ხოცავდნენ მოსახლეთა მთელს ოჯახებს, მათ შორის - ჩვილებს. „ეს არ არის ომი, ეს მასობრივი მკვლელობაა, ეს ტერორია“, - თქვა მან და მომხდარი შეადარა XX საუკუნის დასაწყისის ებრაულ პოგრომებს.
მანამდე მრავალრიცხოვანი მოწმეები ჰყვებოდნენ, როგორ უსწორდებოდნენ თავდამსხმელები ისრაელის საზღვრისპირა დასახლებების უიარაღო მცხოვრებლებს. გუშინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორის მოსაზღვრე კიდევ ერთ კიბუცში, ბეერიში, 100 ადგილობრივი მცხოვრები დახოცეს. ყველაზე მეტი მსხვერპლი, როგორც ჩანს, იყო ღია ცის ქვეშ გამართული მუსიკალური ფესტივალის, SUPERNOVA-ს დამსწრეთა შორის. იქ დახოცილთა რიცხვს 250-მდე აფასებენ. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ზოგი მათგანი მძევლად აიყვანეს.
მთლიანობაში 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ დაწყებული თავდასხმის შემდეგ, სულ მცირე, ათასი ადამიანი დაიღუპა და სამი ათას ხუთასზე მეტი დაიჭრა. ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მკაცრ პასუხს გასცემენ თავდამსხმელებს და ღაზის სექტორში გაანადგურებენ „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურას. ისრაელის არმიის დარტყმების შედეგად, პალესტინელთა ინფორმაციით, დაიღუპა 800-მდე პალესტინელი, მათ შორის - ბავშვებიც. ღაზის თითქმის ოთხი ათასი მცხოვრები დაიჭრა.