Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში


გაეროს შენობა. შვეიცარია, ჟენევა, 27 თებერვალი, 2023.
გაეროს შენობა. შვეიცარია, ჟენევა, 27 თებერვალი, 2023.

რუსეთმა ვერ შეძლო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნება. მან სამშაბათს გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე ნაკლები ხმა მოიპოვა, ვიდრე მისმა აღმოსავლეთევროპელმა მეტოქეებმა, ალბანეთმა და ბულგარეთმა.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთმა გაეროს 83 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო, ალბანეთს ხმა მისცა 123-მა ქვეყანამ, ხოლო ბულგარეთს - 160-მა. კენჭისყრა ფარული იყო.

ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი წევრები სამი წლის ვადით აირჩიეს, 2024 წლიდან 2026 წლამდე.

საბჭოში 47 ადგილია. რუსეთი შედიოდა მის შემადგენლობაში, მაგრამ მას გასული წლის აპრილში შეუჩერდა წევრობა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

მანამდე BBC მის ხელთ მოხვედრილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოსკოვი ადამიანის უფლებათა საბჭოს არჩევნებს განიხილავს, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე თავისი პოზიციების მნიშვნელოვან გამოცდას. დოკუმენტში, რომელიც რუსეთის დელეგაციამ გაავრცელა გაეროს შტაბ-ბინაში, ნათქვამია, რომ რუსეთმა პირობა დადო, რომ იპოვის „ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე“ და შეეცდება, რომ არ დაუშვას საბჭოს გადაქცევა ინსტრუმენტად, რომელიც „ქვეყნების ერთი ჯგუფის პოლიტიკურ ნებას ემსახურება“, აშკარად იგულისხმა რა დასავლეთის სახელმწიფოები. აღინიშნა, რომ რუსეთი აქტიურად აწარმოებდა კამპანიას უღარიბეს ქვეყნებს შორის და მათ სთავაზობდა „სურსათსა და იარაღს ხმების სანაცვლოდ“.

შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის დაბრუნებას და ამტკიცებდა, რომ მისი არჩევა შეარყევდა ნდობას საბჭოსა და გაეროს მიმართ, რადგან რუსეთი „დაუფარავად აგრძელებს მასობრივი სამხედრო დანაშაულების ჩადენას“. საბჭოს ახლახან წარუდგინეს მის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის უახლესი მონაცემები უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. კერძოდ, გავრცელდა ცნობები რუსეთის სამხედროების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წამების, გაუპატიურებისა და თავდასხმების თაობაზე მტკიცებულებების შესახებ, რასაც მოსკოვი უარყოფს.

XS
SM
MD
LG