Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარები მკვეთრად გააქტიურდნენ ავდეევკის მიმართულებით


ავდეევკა. 4 აპრილი, 2023.
ავდეევკა. 4 აპრილი, 2023.

სამშაბათს დილიდან ვრცელდება ცნობები რუსეთის ჯარების მიერ ავდეევკის მასიური დაბომბვის შესახებ. დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ამ ქალაქის აღებას რუსეთის ჯარები გასული წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინის ჯარებმა ქალაქი შეინარჩუნეს. ბოლო თვეების განმავლობაში იქ არ ყოფილა აქტიური საიერიშო ოპერაციები.

როგორც რუსული, ასევე უკრაინული წყაროები იუწყებიან ძლიერი დაბომბვის შესახებ. „RBC-უკრაინა“ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დარტყმები დილის 5 საათზე დაიწყო. ქვეყნდება დაბომბვის ამსახველი ვიდეოები. მათში ჩანს კვამლი და ისმის აფეთქებების ხმა.

მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის ჩრდილოეთით, განაცხადა ავდეევკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბარაბაშმა ტელეარხ „სუსპილნესთვის“ მიცემულ კომენტარში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ავიაციის დარტყმების შესახებ.

ჯერ არ მოიპოვება მონაცემები მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ სამოქალაქო პირთა შორის, რომლებიც ქალაქში რჩებიან, მიუხედავად ფრონტთან სიახლოვისა.

ავდეევკაზე იერიშების შესახებ მეტი ცნობაა რუსულ ტელეგრამის არხებზე. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთის არმია „ახორციელებს მტრის პოზიციების ყველაზე მასიურ დაბომბვას ბოლო უკანასკნელი თვეების განმავლობაში“. ზოგიერთი არხი წერს რუსეთის ჯარების შეტევაზე გადასვლაზე და ამის შედეგად ტერიტორიების დაკავებაზეც კი. კერძოდ, ამტკიცებენ, რომ რუსეთის ჯარებმა მოახერხეს წინსვლა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი E50 მაგისტრალის ნაწილის დაკავება, ასევე შეტევა კრასნოგოროვკის მხრიდან და სოფელ ბერდიჩისთან მიახლოება. ავდეევკა ფაქტობრივად ნახევრად ალყაშია მოქცეული და დარტყმების მითითებული მიმართულებები შეიძლება იმას მოწმობდეს, რომ რუსეთის ჯარები ცდილობენ უკრაინული დაჯგუფების მომარაგების ხაზების გადაჭრას.

უკრაინული წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ ასევე წერენ მძიმე ბრძოლებზე და რუსების მცდელობებზე, „ერთდროულად საპირისპირო მიმართულებებიდან განახორციელონ ზეწოლა“.

ავდეევკასთან მიმდინარე მოვლენები ჯერჯერობით არ არის ნახსენები რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ ცნობებში.

ასევე არსებობს ცნობები რუსული ჯარების მიერ წინსვლის მცდელობის შესახებ ფრონტის სხვა მონაკვეთებში - მარიინკის რაიონში, კუპიანსკის მახლობლად, ასევე ზაპოროჟიეს ოლქში პიატიხატკის რაიონში.

XS
SM
MD
LG