Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

UEFA-მ უარი თქვა ტურნირებზე რუსეთის იუნიორთა გუნდების დაბრუნებაზე


ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) უარი თქვა გეგმებზე, რომ საერთაშორისო ტურნირებზე დააბრუნოს რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები, რომლებშიც 17 წლამდე სპორტსმენები თამაშობენ. ინფორმაციას Sky News-ის ჟურნალისტი რობ ჰარისი ავრცელებს.

უეფამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ „ვერ შეძლეს ტექნიკური გადაწყვეტის პოვნა, რომელიც რუსეთის გუნდებს თამაშის საშუალებას მისცემდა“. მანამდე ორგანიზაციამ რუსეთის ვაჟთა და ქალთა ახალგაზრდულ გუნდებს საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება მისცა. გუნდებს უნდა ჰქონოდათ სახელწოდება „რუსეთის საფეხბურთო კავშირი“, მათი მატჩები რუსეთის ტერიტორიაზე ვერ გაიმართებოდა, მათ აუკრძალეს სახელმწიფო ჰიმნის, დროშისა და სათამაშო ფორმების გამოყენება.

მაშინ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ დაგმო უეფას გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ უკრაინელი იუნიორების გუნდები რუსებთან არ ითამაშებენ. ბოიკოტს შეუერთდნენ ინგლისი, პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ რუსეთის სპორტსმენებს აეკრძალათ საერთაშორისო შეჯიბრებების აბსოლუტურ უმრავლესობაში მონაწილეობა. კერძოდ, სანქციები დაუწესდათ საფეხბურთო ნაკრებ გუნდებსა და კლუბებს.

ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს შორის ევროპის მორიგი ჩემპიონატი კვიპროსში გაიმართება 2024 წელს. შესარჩევი მატჩები შემოდგომაზეა დაგეგმილი.

მარტში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ რუსები ოლიმპიურ შეჯიბრებებზე დაეშვათ ნეიტრალური სტატუსით, იმ პირობით, თუ მათ მხარი არ დაუჭერიათ ომისთვის ან არ ჰქონიათ კავშირები არმიასთან. ამ გადაწყვეტილებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია უკრაინაში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც გმობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას. ოცდაათზე მეტმა სახელმწიფომ მოითხოვა, რომ რუსებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეთ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.

XS
SM
MD
LG