Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევა მოწმობს, რომ ბუნებრივი კატასტროფებისგან ზარალი საათში 16 მლნ დოლარს შეადგენს


შოვი სტიქიური უბედურების შემდეგ. 5 აგვისტო, 2023.
შოვი სტიქიური უბედურების შემდეგ. 5 აგვისტო, 2023.

სტიქიური უბედურებების გლობალური ზიანი საათში დაახლოებით 16 მილიონი დოლარია. ამის შესახებ Guardian-ი წერს ახალზელანდიელ მეცნიერებზე დაყრდნობით. კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა, არის პირველი, რომელიც ადგენს გლობალური დათბობის ხარჯებს, რაც იწვევს ქარიშხლების, წყალდიდობის, სიცხის ტალღებისა და გვალვების გახშირებასა და გაძლიერებას.

კვლევის თანახმად, სტიქიური უბედურებების საშუალო ზარალი, რომელიც მოხდა 2000 წლიდან 2019 წლამდე, არის წელიწადში 140 მილიარდი დოლარი. შეფასება მნიშვნელოვნად განსხვავდება წლიდან წლამდე და არ მოიცავს არაპირდაპირ ხარჯებს, როგორებიცაა მოსავლის შემცირება ან ზღვის დონის აწევა.

ამ თანხის ორი მესამედი მოდის ადამიანების სიკვდილზე: მეცნიერებმა ამოსავლად აიღეს 7 მილიონი დოლარი ყოველ დაკარგულ სიცოცხლეზე და ამ „ფასს“ დაესესხნენ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების გამოთვლებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 1,2 მილიარდ ადამიანს, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის მეექვსედს, მიადგა სტიქიური უბედურებებისგან ზიანი ოცი წლის განმავლობაში.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ზიანი მოაქვს ქარიშხლებს, რასაც მოჰყვება სიცხის ტალღები, წყალდიდობები და გვალვები.

მკვლევრები თვლიან, რომ მათი მეთოდოლოგიის გამოყენება შესაძლებელია „ღარიბი ქვეყნების დახმარების ფონდში“ ინვესტიციების გამოსათვლელად იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც პრობლემებს უქმნის სტიქიური უბედურებები. გარდა ამისა, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალის სწრაფად შესაფასებლად, რაც შესაძლებელს გახდის სახსრების უფრო სწრაფად გამოყოფას, ამბობენ მეცნიერები.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, 1970-2021 წლებში მსოფლიოში 11778 სტიქიური უბედურება დაფიქსირდა. შედეგად, ორ მილიონზე მეტი ადამიანი და უცნობი რაოდენობის ცხოველი დაიღუპა, ხოლო ეკონომიკას 4,3 ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგა. ეს მაჩვენებლები არ ითვალისწინებს კატასტროფებით მიყენებულ ირიბ ზარალს.

XS
SM
MD
LG