Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია აცხადებს, რომ კონტროლი აღადგინა ღაზის სექტორთან მდებარე დასახლებებზე


ისრაელის არმიის სამხედროები ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ სდეროტში. 2023 წლის 8 ოქტომბერი
ისრაელის არმიის სამხედროები ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ სდეროტში. 2023 წლის 8 ოქტომბერი

ისრაელის არმიამ კონტროლი აღადგინა ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე. ამის შესახებ 9 ოქტომბერს, დღისით განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ. მისი ინფორმაციით, ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში გრძელდება „ჰამასის“ ჯერ კიდევ დარჩენილ წევრებთან შეტაკება და ტერიტორიის გაწმენდა.

ჰაგარის განცხადებით, 7 ოქტომბრიდან არმიაში გაიწვიეს უპრეცედენტო რაოდენობის, 300 000 რეზერვისტი და ისრაელი შეტევაზე გადადის.

7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ხმელეთიდან შეიჭრა ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ისრაელის არმია საავიაციო და საარტილერიო შეტევას განაგრძობს ღაზის სექტორზე.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. ისრაელის საზოგადოებრივი ორგანიზაცია ZAKA, რომლის მოხალისე მაშველები ხელისუფლებას ეხმარებიან, იუწყება, რომ სულ მცირე 250 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს ისრაელის ტერიტორიაზე, ღაზის სექტორის მახლობლად, სადაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის მომენტში, მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა.

პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია 2271.

2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.

ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.

XS
SM
MD
LG