ირანი ადასტურებს პალესტინელების მხარდაჭერას, თუმცა უარყოფს ისრაელზე თავდასხმასთან კავშირს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ „პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები არის კანონიერი თავდაცვა 70-წლიანი რეპრესიული ოკუპაციისა და უკანონო სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულისგან“. ამასთან, „ჰამასის“ მხარდამჭერი ირანი ირწმუნება, რომ პალესტინელთა პასუხთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ისინი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ.
8 ოქტომბერს გამოცემა Wall Street Journal-მა პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფების, „ჰამასის“ და ლიბანის გასამხედროებული ორგანიზაციის, „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ „ჰამასს“ ისრაელზე თავდასხმის ორგანიზებაში ირანის სპეცსამსახურების წარმომადგენლები დაეხმარნენ.
წყაროთა თანახმად, თეირანმა ისრაელზე თავდასხმას „მწვანე შუქი აუნთო“ 2 ოქტომბერს ბეირუთში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ოფიცრები მონაწილეობდნენ. Wall Street Journal-ის ცნობით, აგვისტოდან, სწორედ ისინი მუშაობდნენ ოპერაციის გეგმაზე „ჰამასის“ წარმომადგენლებთან ერთად.
ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.
„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.
ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.