პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვას გამოეხმაურა ესპანეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას" ზურაბიშვილმა აიძულა პროცესის წამოწყება. პრემიერის თქმით, ევროპელ კოლეგებს ესმით სუფთა სამართლებრივი საკითხი, მაგრამ ამბობენ, რომ „ეს არ არის ლამაზი".
„ბევრად მეტი პრობლემა აქვს ქვეყანას მოსაგვარებელი, ვიდრე ასეთი გაუმართლებელი სიტუაცია და ურთიერთობები პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. მე ამას ვუწოდებ პროვოკაციას. მით უმეტეს ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა ელოდება სტატუსს. რა დროს ასეთი ტიპის, მდარე ხარისხის პროვოკაციაზე წასვლა არის? მე ამ კითხვას ვუსვამ ქალბატონ სალომეს. დროული იყო ეს პროვოკაციები? - თქვა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში და განაგრძო, - როცა ადამიანი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კანონს. ავიღოთ ნებისმიერი ადამიანი. როცა ადამიანი მიდის და არღვევს მოძრაობის წესებს ქუჩაში, იცი, რომ მის ამ დარღვევას მოჰყვება რეაგირება, ბუნებრივია. როცა პრეზიდენტი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, მან ეს, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა რეაგირება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის, მისი ამ პირდაპირი დემონსტრაციული ქმედებისთვის. მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს. რა თქმა უნდა, მათ ეს ესმით. ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიკას და აღქმებს აფუჭებს".
პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოზიციას შეიცვლის. „მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გააცნობიერებს იმას, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. თუკი იგი მხარს დაგვიჭერს ჩვენ და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას, მაგრამ ისე, როგორც ხდებოდა შარშან, მაგალითად, შარშან, მე შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭებამდეც, როცა იყო მომართვები პრეზიდენტისგან, მე მას ვუშვებდი ყველგან. ჩვენ, მთავრობა, ვუგზავნიდით თანხმობის წერილებს. რატომაც არა, თუ კიდევ ერთით მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა. რატომაც არა, ეს მისასალმებელია, მაგრამ მან, სამწუხაროდ, რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და მთელი მისი „მესიჯბოქსი" და ნდობა დაიკარგა. ჩვენ, ბუნებრივია, ოპოზიციონერს ჩვენი მანდატით და ჩვენი უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში. ზოგადად, როცა შიდა სიტუაციაზე მივაწოდე ინფორმაცია და ვუყვებოდი ვითარებაზე, ამ კონტექსტში მოვუყევი“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინების განხილვა. სასამართლოს სრული შემადგენლობა, 9 მოსამართლე, სამი დღის განმავლობაში უსმენდა პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებსა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს.
1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის აუცილებელია სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა), რომელიც უნდა გადაიგზავნოს პარლამენტში. ამის შემდეგ ორი კვირის ვადაში საკითხი კენჭისყრაზე დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რომელიც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.
საკითხი, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობას შეეხებოდა - ის გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს და ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე ესაუბრებოდა. მოგვიანებით ამ მიზნით იგი იმყოფებოდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებშიც.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჩაერთოს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობის გარეშე. კონსტიტუციის მისეული განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა სჭირდება მაშინაც, თუ ის ქვეყანაში ჩამოსულ სხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდება და მაშინაც კი, თუ წავა სხვა ქვეყანაში გამოფენაზე დასასწრებად ან დაკრძალვის ცერემონიაზე.