Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა


ნინი გოგიბერიძე
ნინი გოგიბერიძე

არაძალადობრივი და სტრატეგიული სამოქალაქო კამპანიების მხარდაჭერის ცენტრის, „კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ე.წ. რევოლუციური სცენარის საქმეზე გოგიბერიძის გამოკითხვა 3 ოქტომბერს, 11:00 საათზეა დანიშნული.

სუსისგან მიღებული უწყება გოგიბერიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაღალი თანამდებობის პირები პარტია "ქართული ოცნებიდან" ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე ლაპარაკობენ. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომელთაც ადანაშაულებდნენ აქტივისტების დატრენინგებაში ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.

„[ისინი] წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს გამოეხმაურა ორგანიზაცია „კანვას საქართველო". ის ხელისუფლების მოქმედებას ზეწოლად აფასებს როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".

XS
SM
MD
LG