პირველად ეს მოხდა 1988 წელს სომხეთის საშინელი მიწისძვრის დროს. როგორც საგარეო თემებზე მომუშავე ჟურნალისტს, მაგრამ სომეხს, არ მქონდა სომხეთთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების უფლება. ასეთ შემთხვევებში აპრიორულად ივარაუდება, რომ ობიექტური ვერ იქნები. და ეს ალბათ მართებულიცაა. ის საშინელი მიწისძვრა ყარაბაღის უკვე დაწყებული კონფლიქტის ფონზე მოხდა. შესაბამისად, მოსკოვში ბევრი სომეხი ლტოლვილი ცხოვრობდა. მაშინ ჩვენი სახლის მახლობლად აეროფლოტის სააგენტო იყო. როდესაც ცნობილი გახდა მიწისძვრის შესახებ, ლტოლვილი სომხები უზარმაზარ რიგად გამწკრივდნენ სააგენტოს წინ იმ იმედით, რომ ბილეთებს შეიძენდნენ და სამშობლოში გაფრინდებოდნენ თანამემამულეების დასახმარებლად. დღე და ღამე, მრავალი დღის განმავლობაში იდგნენ.
როცა შვილი სკოლაში მიმყავდა, ყოველ ჯერზე ამ რიგში მდგომ დაღლილ ხალხს ჩავუვლიდით ხოლმე. ერთხელაც მომიბრუნდა ჩემი შვილი და მითხრა: „ხედავ აი, ამ შავ ხალხს?“ მე ავუხსენი: „არა, ბიჭუნავ, შავები კი არა, უბრალოდ დაღლილები არიან“. ამაზე მოულოდნელად მიპასუხა: „ესენი სომხუჭები არიან. წავიდნენ, მოუსვან აქედან საკუთარ სომხეთში“.
გაოგნებისგან დავმუნჯდი. გასაგებია, რომ სკოლაში მოსმენილს ამბობდა, მაგრამ ეს გარემოება არანაირად არ მამშვიდებდა. დავიხარე და ვკითხე: „ფილ, მე ვინ ვარ?“ მან უყოყმანოდ მიპასუხა: „შენ რუსი ხარ”. თავი გავაქნიე: „შენ ვინ ხარ?“ კვლავ თავდაჯერებულად: „მეც რუსი ვარ“.
საღამოს შინ დაბრუნებულმა ჩემ წინ დავსვი და ვუთხარი: „მე სომეხი ვარ, შენ კი - ბულგარელი, მაგრამ შენც მეოთხედი სომხური სისხლი გაქვს. არავის და არასოდეს არ უნდა უწოდო "შავი". ეს ადამიანები ომს გამოექცნენ, ახლა კი უკან დაბრუნება სურთ, რათა დაეხმარონ "საშინელი მიწისძვრისგან" უსახლკაროდ დარჩენილ ნათესავებს. ამ ხალხს დახმარება სჭირდება. მომისმინა და უხმოდ გავიდა თავის ოთახში. ამაზე მეტი აღარ გვილაპარაკია. მეორე დღეს, როცა სკოლაში მიდიოდა, რიგში მდგომ ერთ-ერთ კაცს მიუახლოვდა და ბებიის მიერ სკოლისთვის გამზადებული სენდვიჩი გაუწოდა. მომდევნო დღეს, ისე, რომ არც შინ და არც სამსახურში არავისთვის მითქვამს, სომხეთში გავფრინდი. ეს იყო სისხლის ძახილი.
ახლაც, როცა ვხედავ არცახიდან გამოსული მანქანების უსასრულო რიგს, როცა ვკითხულობ, რას წერენ ადამიანები, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, როცა ვაცნობიერებ, რომ ამ ადამიანებმა სამუდამოდ გაიხურეს საკუთარი სახლების კარები, სახლებისა, სადაც დაიბადნენ და გაატარეს მთელი ცხოვრება, როცა მესმის, რამდენი ლტოლვილი უნდა დაბინავდეს და დასახლდეს ხელახლა, როცა ვხედავ მსოფლიოს ძალიან დუნე რეაქციას არცახიდან ტრაგიკულ გამოსვლაზე, კვლავ მიწყებს ხმაურით ფეთქვას საფეთქლები. ამ დროს არ ვფიქრობ არც პოლიტიკაზე, არც იმაზე, თუ რა გაკეთდა სწორად ან არასწორად, არც იმაზე, თუ ვინ არის მართალი და ვინ - არა, მხოლოდ ადამიანებზე ვფიქრობ და ჩემთვის ვამბობ: ჩემი საწყალი ხალხი. ჩემი ხალხი. შვილი კი მწერს: „ვკითხულობ და ვტირი“.
ვიცი, სომხები ყველაფერს გაუძლებენ. მეგონა, შეუძლებელი იყო სპიტაკის გადატანა ჭკუიდან შეუშლელად - ათასობით კუბო, საძირკვლამდე განადგურებული მაღალსართულიანი შენობები, რომლებმაც მიწაში ჩამარხა ხალხი. მუდამ ჩემთანაა სახლის ნანგრევებისგან გაჩენილ ბორცვთან მდგომი დედა, რომელმაც მითხრა: წადი, შვილო, გათბი, აიღე კუბო და დაიძინე მასში, გაყინულ მიწას ბევრად სჯობია. და შენ-მეთქი? - ვკითხე. პასუხად ბორცვისკენ გაიხედა და ყოველგვარი ემოციის გარეშე, მშვიდი ხმით მითხრა: „იქ არიან ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილი. მეც აქ მოვიცდი“. პირველად მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს გადალახო ტკივილის ზღვარი, რომლის მიღმა არც ცრემლებია და არც კივილი.
ახლა სომხებს კვლავ უწევთ ტკივილის ზღურბლზე გადასვლა. ისინი გაუმკლავდებიან, როგორც არაერთხელ გაუმკლავდნენ თავიანთი ტრაგიკული ისტორიის განმავლობაში. ჩვენ ყველა დავეხმარებით. ჩვენ უკვე ვისწავლეთ ფულისა და ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება, უბრალოდ, უკრაინას ახლა სომხეთიც დაემატება.
მრავალი წლის წინ პრაღაში შემთხვევით მომიწია უილიამ საროიანის თარჯიმნობა. მეგობარს, რომელსაც მწერალთან უნდა ემუშავა, გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა, რის გამოც მთხოვა შემეცვალა იგი. ვთარგმნიდი ჩეხურიდან ინგლისურზე. ყავის სმისას, ყურადღებით შემომხედა დიდმა მწერალმა და სომხურად მკითხა: „სომეხი ხართ?“ ყოველთვის მეშინოდა ამ კითხვის, რადგან უსასრულოდ უნდა მემართლებინა თავი ჩემი ცუდი სომხობის გამო. კი-მეთქი, თავი დავუქნიე. თქვა (არ უკითხავს): „თქვენ ჩემთვის თარგმნით ჩეხურს ინგლისურ ენაზე და არა სომხურზე, რადგან არ ლაპარაკობთ სომხურად”. ისევ დავუქნიე თავი. მითხრა: „გაგიშვებთ პარიზის სომხურ სკოლაში, ეს იქნება ჩემი საჩუქარი, თქვენ ისწავლით ენას და ოდესმე მიხვდებით, რომ ეს მნიშვნელოვანია. ორმა სომეხმა სომხურად უნდა ისაუბროს“. და მართლაც მალე მომივიდა მოწვევა პარიზის სომხური სკოლიდან, მაგრამ მაშინ საბჭოთა პასპორტის მქონე ადამიანებს სჭირდებოდათ ე.წ. გასასვლელი ვიზები და, რა თქმა უნდა, ასეთი ვიზა მე არავინ მომცა.
ვერა და ვერ ვისწავლე სომხური, თუმცა ამ წლების განმავლობაში ვისწავლე არაერთი სხვა ენა. დიდებული მწერალი ჩვენი შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ჩემს მეგობარს, რომლის მაგივრადაც ვითარჯიმნე (ისიც სომეხია), ვუამბე ამ დიალოგის შესახებ. პასუხად მან წასაკითხად მომცა საროიანის ესეი „სომეხი და სომეხი“. შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ესეიში საუბარია იმაზე, თუ როგორ შეხვდა ორი სომეხი ერთმანეთს როსტოვში, მაგრამ სინამდვილეში ეს ტექსტი ბევრად უფრო დიდ რამეზეა. იმისთვის, რომ გაუგოთ სომხებს, უნდა წაიკითხოთ ეს მოკლე ესეი, რომლის ორიგინალი ხელმისაწვდომია ინტერნეტში. ციტატის სახით კი მოვიტან თარგმნილის ბოლო ნაწილს, რადგან დიდებულმა მოხუცმა ყველაფერი იცოდა და ყველაფერზე ჰქონდა დაწერილი:
„მოიძებნება კი მსოფლიოში სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ჩვენი ხალხი - მცირერიცხოვანი უმნიშვნელო ტომი, ერთი მუჭა ხალხი: დასრულებულია ჩვენი ისტორია, ჩვენი ყველა ომი წაგებულია, შენობები ნანგრევებადაა ქცეული, წიგნები წაუკითხავია, მუსიკა არ ისმის, ლოცვა არ აღევლინება.
მიდით, აბა, სცადეთ ჩვენი ხალხის განადგურება. დაუშვათ, კვლავ დადგა 1915 წელი. მსოფლიო ომია. მიდით, გაანადგურეთ სომხეთი. ვნახავთ, რა გამოგივათ. გაგვიტაცეთ უდაბნოში. დაგვტოვეთ პურისა და წყლის გარეშე. გადაწვით სახლები და ეკლესიები. ფიქრობთ, ვერ გადავრჩებით. გგონიათ, გადავეჩვევით სიცილს. ფიქრობთ, ვერ ავღორძინდებით, თუკი ჩვენ ორნი, ოცი წლის შემდეგ ლუდის ბარში ვლაზღანდარობთ მშობლიურ ენაზე. ვერაფერს გახდებით ჩვენთან. ვერაფერი შეგვიშლის ხელს, აბუჩად ავიგდოთ მსოფლიოს გაბღენძილი, მაღალფარდოვანი იდეალები. თქვენი დედაც. ორი სომეხი საუბრობს მთვარიან ღამეში. აბა, გაბედეთ და შეეხეთ მათ. (ნიუ-იორკი, აგვისტო, 1935).
მორიდების გარეშე მინდა გამოვიყენო ეს სივრცე და ვთხოვო ჩემს მკითხველს: თუ შეგიძლიათ, დაეხმარეთ სომხებს, უსახლკაროდ დარჩენილებს, ახლობლებდაკარგულებს, გაქცეულებს, რომლებსაც ახლა ძალიან უჭირთ.
არ ვიცი, როგორ განვითარდება ურთიერთობები სომხეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანურ დონეზე ჩვენ ახლობლებად დავრჩებით. და ეს ადამიანური სიახლოვე ფასდაუდებელია. მხოლოდ მას აქვს მნიშვნელობა.
ნატალია გევორქიანი - ჟურნალისტი. განყოფილებაში „ავტორის უფლება“ გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის შეხედულებებს
ბლოგი თარგმნილია რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვებგვერდიდან