რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს სოჭში მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ე.წ. ლიდერებთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან; ასევე - დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან.
„დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები. სამმხრივი მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების პლატფორმის ფარგლებში კოორდინაციის თემას, რომელიც წარმოადგენს დიალოგის უნიკალურ ფორმატს, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლები (საქართველოსთან, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად) მონაწილეობენ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
იუწყებიან, რომ ორმხრივი შეხვედრების დროს ხელი მოეწერება 2024-2025 წლების კონსულტაციების გეგმებს.