Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Forbes-ი აქვეყნებს რუსეთის ბაზარზე უცხოური კომპანიების რეიტინგს


ჩინური Chery, რომელიც ტოპ 50-შიც კი არ იყო, ათეულში მოხვდა
ჩინური Chery, რომელიც ტოპ 50-შიც კი არ იყო, ათეულში მოხვდა

უკრაინაში შეჭრის გამო მნიშვნელოვნად „გაღარიბდა“ რუსეთის ბაზარზე არსებული 50 უმსხვილესი უცხოური კომპანიის ჩამონათვალი. ტრადიციულ რეიტინგს Forbes-ი აქვეყნებს.

2022 წელს შემოსავლებით ლიდერი იყო საყოფაცხოვრებო საქონლის ფრანგული ქსელი Leroy Merlin-ი. კომპანიამ თითქმის 593 მილიარდი რუბლი (6 მლრდ დოლარზე მეტი) - 16%-ით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2021 წელს. 2023 წლის მარტში კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესს გადასცემს ადგილობრივ მენეჯმენტს.

ომის პირველ წელს რეიტინგში ვერ მოხვდა 22 კომპანია - რუსეთში ბიზნესის დახურვის ან შეჩერების გამო მათი ადგილი ახალმა მოთამაშეებმა დაიკავეს, უპირატესად ჩინურმა, თურქულმა და ბელარუსულმა კომპანიებმა, აღნიშნავს Forbes-ი.

სიაში აღარაა გასული წლის ლიდერი, გერმანული Volkswagen Group-ი, ავტომობილების სხვა მწარმოებლები - ფრანგული Renault-ი და იაპონური Toyota - ასევე ელექტროტექნიკის მწარმოებლები - ამერიკული Apple და სამხრეთკორეული Samsung-ი. მათ რუსეთის ბაზარი უკრაინაში შეჭრის პასუხად დატოვეს.

2021 წლის მონაცემებით, ეს კომპანიები შედიოდნენ უმსხვილეს ათეულში. მათი ადგილი ნაკლებწარმატებულმა კომპანიებმა დაიკავეს. 10 ლიდერის ერთობლივი წლიური მოგება 2022 წელს 20%-ით ნაკლებია წინა წლის ლიდერების მოგებასთან შედარებით.

2021 წელს საუკეთესოთა ათეული ფრანგულმა ჰიპერმარკეტების ქსელმა Auchan-მა 278,8 მილიარდი რუბლის შემოსავლით დახურა (თითქმის 3 მლრდ დოლარი), მომდევნო წელს ლიდერია ჩინური ავტომწარმოებელი Chery 147,5 მილიარდი რუბლის შემოსავლით. იგი 2021 წლის რეიტინგში საერთოდ არ შედიოდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ამის საპასუხოდ შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რეგულარულად აწესებენ სანქციებს, რომლებიც კრძალავს ან ზღუდავს თანამშრომლობას რუსულ ორგანიზაციებთან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 1200-ზე მეტმა ორგანიზაციამ შეზღუდა თავისი საქმიანობა რუსეთში, აქედან 535-მა მთლიანად დატოვა რუსეთის ბაზარი.

კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი უცხოური კომპანიების 20%-მა დატოვა, 43% - მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

XS
SM
MD
LG